-ბატონო რამაზ, როგორ შეცვალა ევროპაში არსებული ვითარება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ და რამდენად შეეხება ეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობას?
— ეს მცდელობა არ იყო იმ დონის პოლიტიკური რყევა, რომ ევროპაში კარდინალური ძვრები გამოეწვია. საერთოდაც, დავესესხები ამერიკელ ექსპერტთა გამონათქვამს, რომ ეს იყო არაპროფესიული, სამოყვარულო მცდელობა გადატრიალების, რომლის გამომწვევი მიზეზები საგარეო ფაქტორებში არ უნდა ვეძებოთ. აქ უფრო შიდა, სამხედროებში არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებებმა მოახდინა ამ მოვლენების პროვოცირება.
რაც შეეხება საქართველოზე რაიმე სახით გავლენაზე, აქ საუბარიც არ უნდა იყოს სწორი, იმიტომ რომ საქართველო თურქეთთან ერთად ვიზალიბერალიზაციის საკითხში დიდი ხანია აღარ განიხილება, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შეექმნება ამ პროცესს. საქართველოს კი არა, თურქეთსაც არ ექნება ამის პრობლემა, ხელისუფლება არ შეიცვალა, იგივე დარჩა, ამიტომ პროცესებიც საგარეო კუთხით იგივე იქნება.
-ბოლო დროს შედარებით გამწვავდა თურქული რიტორიკა ევროკავშირთან მიმართებაში. რა არის ეს — ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა თუ რეალური უთანხმოების დასაწყისი?
— უფრო პირველი. თურქეთს ევროპის იქით გზა არ აქვს, იმდენად მყარად არის მიბმული ეკონომიკურად, რომ ნებისმიერი სერიოზული უთანხმოება მის ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება. ცოტა ხანში ორივე მხარე უფრო მოზომილ განცხადებებს გააკეთებს და შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
- საქართველოში საარჩევნო მარათონი დაიწყო, რა სურათს ხედავთ ამ ეტაპზე?
— შეიძლება, მივიღოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება" იყოს ძალიან ფართოდ წარმოდგენილი, რადგან სხვა პარტიების პასიურობამ ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ზოგი მათგანის პასიურობა ფინანსების სიმწირეში უნდა ვეძებოთ, ზოგიც სექტემბრიდან გეგმავს გააქტიურებას. თუმცა,თუ ყველა პარტია ერთდროულად აყაყანდება სექტემბერში, ვერავინ ვერ გაიგებს, რომელი პარტია რა არის.
„ქართულ ოცნებასთან" ერთად პარლამენტში მოხვდებიან "ნაციონალებიც", რადგან მათ საკმაოდ მობილიზებული ელექტორატი ჰყავს. მანდატების აღებას „პატრიოტთა ალიანსიც" შეძლებს. არ გამოვრიცხავ პაატა ბურჭულაძის და ნინო ბურჯანაძის პარტიების მოხვედრასაც — აქ ელექტორატის მობილიზაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს. პაატა ბურჭულაძის პარტიამ ძალიან ადრე აიხადა ნიღაბი და, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ის არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი. ამ პარტიამ, დიდი პროცენტი რომ აიღოს, პარლამენტში ერთმანეთს შეეკვრებიან "ნაცმოძრაობა" და ბურჭულაძის პარტია.
როდესაც "ქართული ოცნება" ებრძვის „ნაციონალებს“, იგი ასევე ებრძვის პაატა ბურჭულაძესაც, რადგან მისთვის ეს ერთი და იგივეა. ამ ბრძოლას გაუძლებს თუ არა ბურჭულაძის პარტია, არ ვიცი. "ნაციონალები" გამოცდილები არიან — ტრაქტორმა რომ გადაუაროს, მაინც წამოდგებიან, პაატა ბურჭულაძის პარტიას კი ასეთი გამოცდილება აკლია. ამიტომ მეეჭვება, რომ ბურჭულაძის პარტიამ ისეთივე წარმატებით დაასრულოს, როგორც დაიწყო. ამ ეტაპზე სხვების შანსების შეფასება ძნელია, ახლანდელ ვითარებას ზუსტად შეესაბამება ცნობილი გამოთქმა — წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო…