თბილისი, 5აგვისტო— Sputnik. მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, სარეკლამო დროის შეძენის ახალი წესების გასაჩივრების მიზნით.
ივლისში გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიამ, რომელსაც მასმედიაში არჩევნების წინ პოლიტიკური რეკლამის განთავსება სურს, მთელი თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოს. ადრე არსებული ბრძანების თანახმად, პარტიები რეკლამის საფასურს ყოველკვირეულად იხდიდნენ.
„ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რომ შეიზღუდოს ჩვენი კანონიერი უფლება რეკლამის გამავრცელებლის მიმართ მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ეს უთანასწორო პირობებში გვაყენებს“,- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 14 არასაპარლამენტო და სამმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ შეიტანა. მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ეროვნული ფორუმი“ და სხვები.
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში აქტიურ ფაზაში 9 აგვისტოს შევა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. განაცხადი 63 პარტიას აქვს შეტანილი, მათგან 32-მა გაიარა ცესკო-ში რეგისტრაცია.