თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ყურძნის მოსავლის სუბსიდირებით ხელისუფლება გლეხების სოციალური მდგომარეობის შენარჩუნებაზე ზრუნავს და არა ბიზნესის განვითარებაზე, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
„მევენახეების სუბსიდირება ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას იწვევს, რადგან ქვეყანაში იმაზე მეტი პროდუქცია იქმნება, რისი გაყიდვის შესაძლებლობასაც არსებობს. ეს ასევე ახდენს უარყოფით გავლენას მის ფასზეც. “- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ეკონომისტის თქმით, როცა 1 კგ. ყურძნის თვითღირებულება საშუალოდ 30 თეთრია, ხოლო სახელმწიფო გლეხს ერთ ლარს უხდის, შესაბამისად იზრდება პროდუქტის ღირებულებაც.
„ჩვენ უნდა მოვიწიოთ იმდენი ყურძენი, რამდენის გაყიდვის საშუალებაც გვაქვს. როცა იცი რომ ვერ ყიდი ამდენ ღვინოს ან ყურძენს, რატომ აწარმოებ? არ ჯობია ის პროდუქტი გქონდეს რაზეც მოთხოვნაა? როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი მოთხოვნაა თხილზე, ნუშზე კაკალზე, კურკოვან ხილზე, ჩვენ კი არ ვეშვებით ყურძენს. ამით ქართულ იდენტობას და ეთნიკურ და კულტურულ ტრადიციებს არაფერი დააკლდება თუ ვენახების რაოდენობა შედარებით ნაკლები იქნება ვიდრე დღეს გვაქვს“- მიაჩნია ლევან კალანდაძეს.
სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამომდე უნდა თქვას უარი სუბსიდირებაზე და შემდეგ გლეხი თვითონ მოახდენს თავისი საქმიანობის გარკევულ კორექტირებას. რა თქმა უნდა ეს ერთ წელიწადში არ კეთდება და ამას სჭირდება გარკვეული სტრატეგია და პოლიტიკა სახელმწიოფოს მხრიდან.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასდროს ვერ დავაკმაყოფილებთ გლეხის მადას ყურძნის ფასზე. მას ყოველთვის ექნება უფრო მეტის მიღების სურვილი მით უმეტეს თუ ის შეჩვეულია, რომ ამას სახელმწიფო აკეთებს.
მისი თქმით, მცირე და საშუალო ფერმერებმა საქმიანების მიმართულებების კორექტირება უნდა მოახდინონ, რათა ბაზრის მოთხოვნებს ფეხი აუწყონ. მით უმეტეს როდესაც სახელმწიფოს აქვს პროგრამა დანერგე მომავალი, რომლის ფარგლებშიც 70 %-ით უფინანსებს გლეხებს მათ მიწაზე მრავალწლიანი კულტურების გაშენებას.
საქართველოს მთავრობა წელს რთველის სუბსიდირების პროგრამაზე 25 მლნ ლარს გამოყოფს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ყურძნის მოსალოდნელ დაბალ ფასს უკავშირდება. სუბსიდირების პროგრამა მევენახეებს მათი მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება.
„რთველი-2016“-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდია 1 კილოგრამ ხარისხიან „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეზე“ 0,45 ლარი იქნება, „საფერავზე“ – 0,20 ლარი, ხოლო „ალექსანდროულსა“ და „მუჯურეთულზე“ – 2 ლარი.