საქართველოს ჯარში მატებაა - სამხედრო ფიცი 270-მა ჯარისკაცმა დადო

გამოწერა
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ ფიცის დადების ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეებს პირობა მისცა, რომ სამშობლოს სამსახურისთვის ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნება.

საწყისი საბრძოლო მომზადების 270 კურსდამთავრებულის ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა.

„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. მუდამ თქვენ გვერდით ვიქნები“, — განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტრო რეფორმებს გააგრძელებს

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ახალწვეულთა მშობლებს, რომ მათ ღირსეული შვილები აღზარდეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი 2011 წლიდან ტარდება. 10 კვირის განმავლობაში ახალწვეულები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო საფუძველზე შედიან, სწავლობენ სამხედრო წესდებას, სამხედრო ტოპოგრაფიას და კავშირგაბმულობის საფუძვლებს. გარდა ამისა, ისინი გადიან სამწყობრო, ტაქტიკურ, საცეცხლე, სამხედრო-საინჟინრო და სამხედრო-სამედიცინო მომზადებას.

ყველა ახალი ამბავი
0