თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი დევიდ ჯონსტონი საქართველოში მოიწვია.
პოლიტიკოსების შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალურ მიღებაზე გაიმართა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ მიშელ ტემერისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ტომას ბახის სახელით იყო ორგანიზებული.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დევიდ ჯონსტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, აღნიშნეს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.
მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში გაღრმავდება საქართველო-კანადის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონული გამოწვევების თემებს, ასევე საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებს.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა რიო-დე-ჟანეიროში 4 აგვისტოს გაემგზავრნენ. პრეზიდენტი და მისი მეუღლე რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრებიან.