თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რიო-დე-ჟანეიროში ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებების უსურვეს.
პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს და ქართველ ოლიმპიელებს გაესაუბრნენ.
„ის, რაც თქვენ შეგიძლიათ მოუტანოთ ქვეყანას, ბევრ ადამიანს არ შეუძლია… თქვენ ხედავთ, რომ რიოში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ორმოცი სპორტსმენი ჩამოვიდა დღეს აქ და განწყობა მათში არის ძალიან შემართებითი. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ აიწევა აქ, რიოში საქართველოს დროშა“, — განაცხადა პრეზიდენტმა ოლიმპიელებთან შეხვედრისას.
ქართველი ხალხი სიამაყითა და იმედით ივსება, როცა ხედავს, რომ ასეთი ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენები გვყავს, აღნიშნა მარგველაშვილმა.
„ჩემი მეუღლე მომიყვა, როდესაც ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში თანამშრომლებმა გაიგეს, რომ ის საქართველოდანაა, მაშინვე ჩვენი რაგბის ნაკრები გაიხსენეს. ასეთ მომენტებში პოლიტიკოსებს არავინ იხსენებს, იმიტომ რომ ჩვენი მორაგბეები განსაკუთრებული არიან“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
სპორტსმენებმა პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ გულშემატკივრების იმედების გასამართლებლად ყველაფერს გააკეთებენ.
რიო-დე-ჟანეიროში მარგველაშვილი ასევე პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სუსას შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.
ოლიმპიურ სოფელში საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდსაც შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ქართველ და ფრანგ სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.
მარგველაშვილის შეხვედრების მიზანი ბრაზილიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.