თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას მოუწოდა, ფარმაცევტების მხრიდან დარღვევის ფაქტების შემთხვევაში დარეკონ უწყების „ცხელი ხაზის“ ნომერზე 15-05.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ექვსპუნქტიანი დადგენილება, რომლის თანახმად, ფარმაცევტი, რომელიც პირველი ჯგუფის მედიკამენტებს (ფსიქოტროპული წამლები) ურეცეპტოდ გასცემს, პროფესიულ საქმიანობას სამი წლის განმავლობაში ვეღარ გააგრძელებს, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების (ანტიბიოტიკები და სხვა) ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში — ერთი წლის განმავლობაში.
„სასჯელის“ ვადის ამოწურვის შემდეგ ფარმაცევტი მუშაობას მხოლოდ იმ აფთიაქში შეძლებს, სადაც ისეთი მედიკამენტები იყიდება, რომლებსაც რეცეპტი არ სჭირდება.
„იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ საზოგადოების ჩართულობა ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, იქნება მნიშვნელოვანი“, — აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრმა დაამატა, რომ, ახალი რეგულაციებით, აფთიაქის (ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის უფლებით) გახსნის ნებართვას ვერ მიიღებს პირი, რომელსაც ჰქონდა სამართალდარღვევა, თუ ის იყო ნასამართლევი, ან აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე.
„ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი, რომ ფარმაცევტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუ ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას“, — განაცხადა სერგეენკომ ბრიფინგზე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 აგვისტოდან თბილისში, ქუთაისსა და ზღვისპირა ქალაქებში აფთიაქების სადღეღამისო მონიტორინგი დაიწყო.