თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ შემოწირულობების მოცულობით ლიდერია — ერთ თვეში მან 2,1 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
სულ პარტიებმა ივლისის თვეში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი მიიღეს, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე.
შემოწირულობების მოცულობით მეორე ადგილზეა მეცენატისა და საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“. მან 621 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.
შემდეგ მოდის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“, რომლისთვის შემოწირულობის სახით ჩარიცხული თანხა 208 ათას ლარს შეადგენს.
ირაკლი ალასიანიას პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ თითქმის 196 ათასი ლარი გადაურიცხეს. ოდნავ ნაკლები მიიღო ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსმა“ — თითქმის 185 ათასი ლარი.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ შემოწირულობის თანხამ ივლისის თვეში 104 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ — თითქმის 9,6 ათასი ლარი.
შემდეგ მოდიან „ლეიბორისტული პარტია“ – 2 ათასი ლარი, „მემარცხენეთა ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი.
ივლისის თვეში ყველაზე მცირე შემოწირულობა მიიღეს კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ – 40 ლარი და ბაჩუკი ქარდავას „ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ — 51 ლარი.