თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მარნეულის მკვიდრი 16 წლის ფეხმძიმე ქალის გაუპატიურებაზე მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა ამის შესახებ განაცხადეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ოჯახმა დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა. მშობლების განცხადებით, 8 ივლისს არასრულწლოვანი მისი ქმრის ნათესავმა 47 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.
„საქმე აღიძრა სსკ 137-ე მუხლით (გაუპატიურება). ჯერჯერობით ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს ექსპერტიზა. მისი დასრულების შემდეგ, გამოძიება შესაბამის ზომებს მიიღებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, — იტყობინება საქართველოს შსს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ შსს-სა და პროკურატურას ეფექტური და დროული გამოძიებისაკენ მოუწოდა. ორგანიზაციამ ასევე მოითხოვა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსაგან უმოკლეს ვადაში მოამზადოს ექსპერტიზის დასკვნა.
„მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე ჯერაც არ არის დაკავებული და არის იმის საშიშროება, რომ იგი გაექცევა სასჯელს“, — ნათქვამია ორგანიზაციის შეტყობინებაში.
მედიის მონაცემებით, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.