თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მევიოლინე ლიანა ისაკაძეს იუბილე მიულოცა და პატივისცემა გამოხატა მის მიმართ.
მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეს დღეს 70 წელი შეუსრულდა.
„უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს. საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე — ასე აფასებენ თქვენს ნიჭს, ვირტუოზულობასა და არტისტიზმს, რომლითაც ვამაყობთ ქართველები", — წერს „ფეისბუქის“ გვერდზე კვირიკაშვილი.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, არაჩვეულებრივი საშემსრულებლო მანერის წყალობით ლიანა ისაკაძემ მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.
„თქვენ ყოველთვის მოუთმენლად გელიან სამშობლოში. გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას", — აღნიშნავს პრემიერი.
ლიანა ისაკაძე 1946 წელს თბილისში დაიბადა. უკვე 9 წლის ასაკში სცენაზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვიდა, 10 წლისას კი სოლო კონცერტი ჰქონდა. გოგონა ამავე წელს მიიწვიეს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე როგორც არაკონკურსანტი, სადაც საკონკურსო პროგრამა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გამოჩენილი საბჭოთა მევიოლინე დავიდ ოისტრახი იყო. ლიანა ისაკაძის პოპულარობა საბჭოთა კავშირში სულ უფრო იზრდებოდა.
ლიანა ისაკაძე 1956 წელს (10 წლისა) რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის (მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო), ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი (II პრემია). 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი). 1971 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. ისაკაძე მუსიკის შემსრულებელთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის, პარიზი, 1965, I პრემია; ჩაიკოვსკის სახელობის, მოსკოვი, 1970, III პრემია; სიბელიუსის სახელობის, ჰელსინკი, 1970, I პრემია).
1970-1994 წლებში ლიანა ისაკაძე მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი იყო. მას ჰქონდა ტურნე ევროპაში, ამერიკასა და აზიაში მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან და სსრკ-ის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად.
1964-1981 წლებში ის სტრადივარუსის ვიოლინოზე უკრავდა, რომელიც მას, როგორც გამონაკლისი, მუსიკალური ინსტრუმენტების მოსკოვის სახელმწიფო კოლექციიდან მიართვეს.
ლიანა ისაკაძემ 1982 წელს ფესტივალი „ღამის სერენადები“ დააარსა. ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი.
ამჟამად მევიოლინე პარიზში ცხოვრობს.