„ღამის სერენადებს“ ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს

გამოწერა
კონცერტებზე შესრულდება მოცარტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, ბახის, შუბერტის, ბრამსის, ჰენდელის, შოსონისა და ელგარის ნაწარმოებები. მსმენელის წინაშე წარდგებიან ვირტუოზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ინგლისიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში 2015 წლის 25-30 აგვისტოს და თბილისში — 2-4 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს გამოჩენილმა ქართველმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ დააარსა. ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა. 1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი. 

წელს, ლიანა ისაკაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალი პირველად არა მარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც ჩატარდება.

ბათუმში „ღამის სერენადები“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სცენაზე, სახელმწიფო კულტურულ-გასართობი პროგრამა „ჰით-ბათუმის“ ფარგლებში გაიმართება.

კონცერტებზე შესრულდება მოცარტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, ბახის, შუბერტის, ბრამსის, ჰენდელის, შოსონისა და ელგარის ნაწარმოებები. მსმენელის წინაშე წარდგებიან ვირტუოზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: ინგლისიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან დირიჟორები ლავარდ სკოუ ლარსენი, ცეზარ ალვარესი, მუჰაი ტანგი და იან პასკალ ტორტელიე, ვიოლონჩელისტები — დენის შაპოვალოვი და იან-ერიკ გუსტაფსონი, ასევე მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნაია. ფესტივალის გახსნისა და დახურვის დღეებში თავად ლიანა ისაკაძე დაუკრავს.

თბილისი „ღამის სერენადებს“ 2, 3 და 4 სექტემბერს უმასპინძლებს. ორი კონცერტი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება, ხოლო დასკვნითი კონცერტი — სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.

ფესტივალიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის მთლიანად „სოლიდარობის ფონდს“ გადაერიცხება.

ფესტივალის „ღამის სერენადები-2015“ ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი და საკრებულო, ასევე ბათუმის მერია.


ყველა ახალი ამბავი
0