თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, უმეტესად ქალები, დიეტებზე ყოველწლიურად დაახლოებით 1,9 მილიარდ ლარს ხარჯავენ.
დიეტას საქართველოში ქალების დაახლოებით 10% და მამაკაცების 5% იცავს, ირწმუნებიან დიეტოლოგები. თითოეული წელიწადში ამისთვის 4,2 ათას ლარს ხარჯავს.
ერთ ადამიანს ერთთვიანი დიეტა დაახლოებით 250 ლარი უჯდება. ამას თუ დავუმატებთ ვიზიტებს სპორტულ დარბაზებში და სპეციალისტების დანიშნულ მედიკამენტებს, ხარჯი 350 ლარამდე იზრდება.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ჭარბი წონა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ეს პრობლემა მოსახლეობის 30%-ს აწუხებს.
დიეტოლოგები ამბობენ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ადამიანმა დიეტა დაახლოებით ერთი წელი მაინც უნდა დაიცვას.
თბილისში ბოლო დროს ყველაზე პოპულარული „დიუკანის დიეტაა“. ის ეფექტურია, მაგრამ ძვირი ჯდება. ეს დიეტა რომ სრულყოფილად დაიცვა, დღეში 10 ლარის პროდუქტების ყიდვაა საჭირო. თან, სასურველი შედეგის მისაღწევად ერთი თვე საკმარისი არ არის.
ასევე პოპულარულია ე.წ. ბორშჩის დიეტა, რომელიც ასევე ძვირი სიამოვნებაა. დღის განმავლობაში ბორშჩთან ერთად სხვადასხვა პროდუქტია მისაღები. ეს დიეტა დღეში 7-8 ლარი ჯდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 600-700 ლარია.
ყველაზე იაფი „მაწვნის დიეტა“ ჯდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არის დიეტის დამთავრების შემდეგ წონაში არსებითად მომატების საშიშროება.
„აუცილებელია, რომ ადამიანმა თვეში სამ კილოგრამზე მეტი არ დაიკლოს, რომ ორგანიზმი ხელოვნურ შიმშილზე არ გადაიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, როცა დიეტა მთავრდება, ადამიანი მალე იწყებს წონის აკრეფას და შეიძლება უფრო მოიმატოს კიდეც, ვიდრე დიეტამდე იყო“, — განაცხადა დიეტოლოგმა შოთა ჯანჯღავამ.
წონაში კლების ყველაზე კარგი საშუალება კვალიფიცირებული დიეტოლოგის მიერ შერჩეული სწორი კვება და ვარჯიშია. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ბევრს არა აქვს და დიეტას თავისი „ჯიბის“ მიხედვით ირჩევს.
„დიეტა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ უნდა იყოს. იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიიღო, აუცილებელია სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა. თუ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს არ ენაცვლება, სასურველი შედეგი არ დადგება“, — განაცხადა დიეტოლოგმა ნარგიზა თვალიაშვილმა.