თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საახალწლო არდადეგების დასრულება კარგი დროა საკუთარი ფიგურის მისახედად, განსაკუთრებით, თუ სადღესასწაულო სუფრას უკვალოდ არ ჩაუვლია, თუმცა, ამას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მიიჩნევენ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ გამოკითხული ექსპერტები.
დიეტოლოგ ეკატერინე ბელოვას აზრით, არ ღირს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა და უცბად მკვეთრი შეზღუდვების დაწესება. შეიძლება განტვირთვის დღის მოწყობა, მაგრამ შიმშილობა — არა, აღნიშნავს ბელოვა.
დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ საახალწლო არდადეგები ცხოვრების ჯანსაღი წესის დასაწყებად საუკეთესო დროა, რამდენადაც დრო გვაქვს, ვიფიქროთ საკუთარ კვებაზე, მოვამზადოთ სწორი კერძები და ყველაფერი სწორად დავგეგმოთ.
„31 დეკემბერს და პირველ იანვარს შეგვიძლია თავს „ხულიგნობის“ უფლება მივცეთ, მაგრამ ორი რიცხვიდან ჯანსაღი ცხოვრების წესზე უნდა გადავიდეთ… მიზეზების გარეშე, რომ დრო არ გვყოფნის ყველაფრის ორგანიზებისთვის, მომზადებისთვის და ა.შ“, — აღნიშნა ბელოვამ.
თუ სადღესასწაულო სუფრა მთელი არდადეგები გაგრძელდა, სპეციალისტები ჩვეულებრივ რეჟიმზე თანდათანობით გადასვლას გვირჩევენ.
კვების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლა თანდათანობით უნდა მოხდეს, რომ ამან ჯანმრთელობას არ ავნოს, გვირჩევს რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კლინიკის ექიმი-დიეტოლოგი ელენე ჭედია.
„დღესასწაულის შემდეგ „აკრეფილი“ კილოგრამების ძალიან სწრაფად დაკლებას არ უნდა ვეცადოთ, რადგანაც კლება კუნთების ხარჯზე მოხდება, რაც არაფერ კარგს არ მოიტანს. საჭიროა საკუთარ დიეტაზე თანდათანობით გადასვლა და წონის თანდათანობით დაკლება“, — აღნიშნა ჭედიამ. მან ასევე დასძინა, რომ თუ ადამიანი რაიმეთია დაავადებული, მისი წონის კლებას ექიმი უნდა ადევნებდეს თვალყურს.