სააკაშვილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბრალდებას უპასუხა

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია და მის დაჯარიმებას მოითხოვს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ვერანაირი ჯარიმით ვერ შემაშინებთ, ასე უპასუხა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბრალდებას საარჩევნო კოდექსის დარღვევის თაობაზე, რომლის საფუძველზეც უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალება.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი შესაძლოა უკანონო აგიტაციისათვის დაჯარიმონ

არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას სთხოვს. მიხეილ სააკაშვილის აჭარის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გავრცელდა.

„სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენ სამშობლოშია“, — წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ექს-პრეზიდენტის სიტყვებით, ის გაკვირვებულია იმით, რომ „იურისტთა ასოციაციას“ დრო და რესურსი აღმოაჩნდა იმისთვის, რათა მისი გამოსვლები და მიმართვები გააანალიზოს მაშინ, როდესაც საქართველოში „ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება“.

„გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”, — წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში სააკაშვილის ფიტული დაწვეს

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მას დაუსწრებლად ბრალდება წაუყენა.

2015 წლის მაისში ის ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა.

2015 წლის დეკემბერში კი საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, რადგან საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება.

ყველა ახალი ამბავი
0