თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 52-ე ბატალიონის "ჩარლი" ასეულმა მორიგი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფარვანის პროვინციაში სოფელ ბაღე ალამიში მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს, მათ შორის სამედიცინო საშუალებები და სასკოლო ინვენტარი.
ოპერაცია ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივად განახორციელეს. საქველმოქმედო ღონისძიებას უშუალოდ აკვირდებოდა 52-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი.
ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი კოალიციური ძალების მიმართ კეთილი დამოკიდებულების გაზრდა და თანამშრომლობის სტიმულია. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ავღანეთის ნაციონალური არმიის წარმომადგენლები.
V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზას იცავს.