ეს ცოტაა... მაშ, რამდენი?..

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI - ის კვლევის შედეგები... რა იკითხება ციფრებს შორის და რა არის მთავარი გზავნილი. განაჩენი, მკაცრი სამოქმედო ინსტრუქცია და ღრმა პროვინციალიზმი.

საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ორი თვეც მალე გაირბენს და შემოდგომისას, ამჯერად წიწილებთან ერთად, საარჩევნო ბიულეტენებიც დაითვლება. შევიტყობთ, ვინ ჩაიბარებს ქვეყნის ოთხი წლით მართვის სადავეებს, ვინ მოირგებს მთავარი ოპონენტის სტატუსს და ვისთვის გადაიწევს სალაყბოში მოხვედრა მინიმუმ ოთხი წლის ვადით… ერთი სიტყვით, მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი. მათ შორის, გაირკვევა, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგების გამოვლენის მიზნით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (NDI, IRI) მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებთა არჩევნების შედეგებთან შესაბამისობის ხარისხი.  იმ დროს უკვე, შესაძლოა, ეს საკითხი აქტუალური არც იყოს, თუმცა, „იმედია“, მორიგ გამოცდილებას მომავალში ჩვენც გავითვალისწინებთ და მკვლევარნიც…

ეს სამომავლოდ, მანამდე კი თვალი გადავავლოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ შედეგებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინათ შემოგვთავაზა. არ მინდა, მკითხველი ციფრებით ზედმეტად დავღალო და ამიტომაც თქვენს ყურადღებას კვლევის მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე გავამახვილებ.

© ს. მელაძეNDI -ს კვლევა.
NDI -ს კვლევა. - Sputnik საქართველო
NDI -ს კვლევა.

წარმოდგენილ დიაგრამაზე ჩანს,  გამოკითხულთაგან რამდენი აპირებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობას და ისიც, თუ უკვე რამდენი ჩამოყალიბდა მთავარ საკითხზე, ანუ იცის, საარჩევნო სუბიექტებიდან ვის აძლევს ხმას. აქვეა რეიტინგებიც.  

ისე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კონკრეტული ციფრებს პოლიტიკოსთა მხოლოდ ერთი ნაწილი ენდობა. ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის, რომ უკვე მრავალი წელია, უცვლელია საზოგადოების და პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ამგვარი კვლევებისადმი – ვიღაც ენდობა, ვიღაც – არა.

პოლიტიკოსების ნდობას კონკრეტული მაჩვენებელი და სუბიექტური ფაქტორები განსაზღვრავს…

© ს. მელაძეNDI -ს კვლევა.
NDI -ს კვლევა. - Sputnik საქართველო
NDI -ს კვლევა.

მორიგი კვლევის შედეგები, უბანში შეკრებილმა სამეზობლოს ერთმა ნაწილმა რადიოს საშუალებით შევიტყვეთ. ბიჭო, ეს ცოტაა! — უთხრა მეგობარმა მეგობარს… ჩვენები სად არიან?— იკითხა მავანმა და ბოლოს: მაშ, რამდენი?— ირონიულად აღმოხდა უბნის კოლორიტულ უხუცესს. კითხვა უპასუხოდ დარჩა და, სავარაუდოდ, უმრავლესობამ გაიფიქრა — რაც მეტი, მით უკეთესი… ვითარების შემხედვარე მივხვდი, რომ ციფრებმა დიდად არავინ გაახარა. მერე დაიწყო არაფრის მომცემი კამათი… ჯერ მშვიდ და შემდეგ ხმამაღალ ტონებში. ეს რას სჩადის NDI?.. გავიფიქრე და კითხვაზე პასუხის ძიებაში უფროს მეგობარს, ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს დავუკავშირდი. ის უჩვეულოდ აღელვებული და მკაცრი იყო, შეფასებებში კი — პირდაპირი.  

არჩევნები - Sputnik საქართველო
NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

პეტრე მამრაძე: „უპირველესად, რამდენიმე ფრაზას გავიხსენებ… 

„რასაც დღეს NDI საქართველოში აკეთებს, დანაშაულია!…“ „

„NDI-ის ყოფილი თანამშრომლები მმართველი პარტიის სიით იყრიან კენჭს!..“ 

„NDI ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებს!..“

„პირდაპირ გეტყვით, — ქართველები მუშაობენ NDI-სთვის, ხოლო NDI-ის ამერიკელი თანამშრომლები მუშაობენ მიხეილ სააკაშვილისთვის!..“

„NDI-ის სათავო ოფისს უკვე აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს მისი საქართველოს ოფისი!..“

ყველაფერი ეს და ბევრი სხვა რამეც 2012 წლის 17 სექტემბერს ინტერვიუში თქვა თბილისში მყოფმა გრეგორი მინჯაკმა, რომელიც ცნობილი მოღვაწეა. ის ხელმძღვანელობდა პოსტსაბჭოურ სივრცეში გახსნილ NDI-ის პირველ ოფისს (რუსეთში, მოსკოვში) და ჯერ კიდევ 1992 წელს პირველად ესტუმრა საქართველოს. მის ინტერვიუმდე NDI-მ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით, არა მარტო ვანო მერაბიშვილს, არამედ გიორგი თარგამაძესაც ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. თბილისში მაშინ ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად. შეგახსენებთ, რომ მაშინ NDI-ის თბილისის ოფისს გიორგი თარგამაძის ნათლული ლუის ნავარო ხელმძღვანელობდა. სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო და იმ ამბებიდან ოთხი წლის შემდეგაც ბევრს ახსოვს მაშინდელი აბსურდული რეიტინგები…“

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: NDI საქართველოს რევოლუციისთვის ამზადებს

მოცემული შესაძლებლობით ვისარგებლე და ბატონ პეტრეს კვლევის შედეგების შეფასება ვთხოვე… მაინც რა იკითხება ციფრებს შორის და რა არის მთავარი გზავნილი?

პეტრე მამრაძე: „ახლა რაც შეეხება იმას, თუ რას გვიჩვენებს ამჟამინდელი კვლევა. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები მაღალი სიზუსტით ასახავს ადამიანთა განწყობას. ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს სულ სხვა შედეგი დადგება, ვინაიდან არჩევნებამდე დარჩენილ დროში,,ოცნება“ სრულად გამოიყენებს თავის ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურს, ეს კი ისეთი ფაქტორია, რომელსაც სოციოლოგიური კვლევები ვერ აფიქსირებს…  NDI-ის დეტალური კვლევის შედეგები სხვა ბანალურ ჭეშმარიტებებსაც ადასტურებს: იმას, რომ საქართველოში ჯერაც არ შექმნილა არც ერთი პოლიტიკური პარტია და პლურალისტული ფეოდალიზმის პირობებში საქმე გვაქვს მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეების გარშემო გაერთიანებულ დაჯგუფებებთან; რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კარგად ესმის, რომ ამ,,ატამანებს’’ და მათ დაჯგუფებებს უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება საკუთარი მატერიალური ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად,,,ხალხზე კი არავინ ფიქრობს’’ (ამ ფრაზას ყოველდღე ვისმენ ქუჩაში) — სწორედ ეს გაწბილება განაპირობებს ამომრჩეველთა დიდი ნაწილის პასიურობას და, ვფიქრობ, კვლევა ზუსტად ასახავს იმას, რომ გაცვეთილი,,ცნობადი“ სახეები 2 პროცენტზე მეტს ვეღარ აგროვებენ, ხოლო პოლიტიკაში ადრე,,გაუსვრელი“ პაატა ბურჭულაძე შედარებით პოპულარულია. კვლევების შედეგები იმასაც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმას აძლევს არა პოლიტიკურ პროგრამებს, არამედ ლიდერებს ამ უკანასკნელთა ტელეგენურობის მიხედვით; ჩანს ისიც, რომ ძლიერი,,ქარიზმატული“ ლიდერი, ანუ ისეთი დონის პოპულისტი და დემაგოგი, რომელსაც შეუძლია დააჯეროს ადამიანები, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას „პატრონი“ ეყოლება და,,ბოლოს და ბოლოს გვეშველება“, ამჟამად არ არსებობს. აი, ეს კი ნიშნავს ფრიად მნიშვნელოვან რამეს. კერძოდ, იმას, რომ მიუხედავად „ქოცების“ მიმართ დიდი გაწბილებისა, ადამიანები ჯერ არ არიან იმ დონემდე გამწარებულები, რომ ასეთი,,ქარიზმატული“ ლიდერი გაჩნდეს (შეგახსენებთ, რომ დიდ რიცხვთა კანონით, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობენ, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა მასები უხმობენ მათ). ეს კი ნიშნავს, რომ მმართველი დაჯგუფების ხელში მყოფმა ადმინისტრაციულმა და ფინანსურმა რესურსმა შეიძლება კარგად იმუშავოს და მიიყვანოს პასიური ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნებზე „ქოცებისათვის“ ხმის მისაცემად. ცნობილი ამერიკელი მეცნიერის ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ხელისუფლების კონსოლიდაციის და არა კოლაფსის ფაზაში ვიმყოფებით. ვფიქრობ, ეს კარგიც არის, ვინაიდან ალტერნატივა მხოლოდ დესტაბილიზაცია იქნებოდა…“

ორიოდე სიტყვას თავადაც მოგახსენებთ. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ აინტერესებს არც NDI-ის და არც სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები. არსებობისათვის ბრძოლაში ჩაბმულთ სულ სხვა პრობლემები ადარდებთ. მაგრამ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი უცხოელი ორგანიზაციების კვლევების შედეგებს ერთგვარ განაჩენად ან/და დასავლეთის მხრიდან მკაცრ სამოქმედო ინსტრუქციად აღიქვამს. ასეთი აღქმა კი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევაზე უკეთესად ასახავს ჩვენს ღრმა პროვინციალიზმს… და რაკი ასეა, კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში კვლავაც გამოვეხმაურები. 


ყველა ახალი ამბავი
0