თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დუისელ ვახტანგ ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის თბილისში შესაძლო აფეთქების შესახებ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. რამდენიმე საათში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძება დაიწყო. მომდევნო დღეს ის დააკავეს და ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარაში დასდეს.
„სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას, ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, რომელიც უალტერნატივოდ, ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაბამისად მაღალია ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე“, — აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
ხანგოშვილის საქმეზე პირველი მოსმენა 22 სექტემბერს გაიმართება. მანამდე ბრალდებული საპატიმროში იქნება განთავსებული.
სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მკვიდრი რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის. მათგან უმეტესობა პანკისელია. ყველაზე ცნობილი მათ შორის თარხან ბათირაშვილია.
ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
მისი სიკვდილი დაადასტურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმაც და პანკისის მოსახლეობამაც.