თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ ცილისწამებაში სდებს ბრალს.
მას შემდეგ, რაც ბურჭულაძე პოლიტიკაში გამოჩნდა, ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც 2004 წელს დაარსებული ფონდის საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გაზეთ Prime time-ში 29 ივლისს გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდმა შემოწირულობის ახით შესული თანხები გაფლანგა.
„სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოყვა მათთვის საჭირო რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის, ფონდ „იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმებით. ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა, დღეს უკვე მოქმედი ხელისუფება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს”, — აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.
ეს ბინძური კამპანია მიმართულია სიკეთისთვის გაერთიანებული ადამიანების წინააღმდეგ, რათა გზიდან კონკურენტები ჩამოიცილონ, მიიჩნევს ბურჭულაძე.
პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ორი თვის წინ შეიქმნა და ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის შემდეგ, უკვე მესამე ადგილს იკავებს.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ ობლებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნავს.
ფონდის ეგიდით უამრავი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. გაწეული ქველმოქმედებისთვის გაერომ 2006 წელს პაატა ბურჭულაძეს გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.