თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ყოველთვიურად შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
ჯეჯელავამ რექტორებთან პირველ შეხვედრა უკვე გამართა და მათთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემური საკითხები განიხილა.
„დღეს ძალიან კარგი იდეა დაიბადა, რომ შეხვედრები უნივერსიტეტებში გაიმართება, ანუ შემდეგი შეხვედრა იერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდება, რაც თავად რექტორებს ერთმანეთის გაცნობისა და დაახლოების საუშალებას მისცემს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
თავის მხრივ, რექტორებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობისა და აღნიშნული შეხვედრების ორგანიზების შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს.
„ის, რაც ამ ფორმატის შეხვედრაში მე მომეწონა ისაა, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა საკუთარი თავის წარმოჩენის, ერთმანეთის შესახებ უფრო მეტის გაგებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის კუთხით“, —აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
გარდა ამისა, განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ატარებს პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრებს.