თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში შეზღუდვები იმოქმედებს, ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
დღეს თბილისში ლუქს-კლასის სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნება, რა დროსაც მოეწყობა გრანდიოზული და კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო 3D ლაზერული შოუ. სასტუმრო 34-სართულიანი, ორიგინალური არქიტექტურის მქონე შენობაა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აშენდა. მასში განთავსებულია 214 ნომერი, რესტორნები და ბარებია — პანორამული ხედებით.
„14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი — ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით — ორმხრივად დაიკეტება. 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით — თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით”, — აცხადებენ შსს-ში.
სასტუმროს მშენებლობა, რომელიც უმსხვილესმა არაბულმა საინვესტიციო კომპანია „დაბი გრუპმა“ დააფინანსა 140 მლნ დოლარით, 2012 წელს დაიწყო. სასტუმროში 230 ადამიანია დასაქმებული.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაჰაიან ბენ მუბარაქ ალ ნაჰაიანი და ასევე უცხოური პრესის წარმომადგენლები.