თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას 5 აგვისტომდე მიიღებს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სამკაციანი კომისია გამოიტანს, იუწყება Р-Спорт-ი.
„ჩვენ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მკაცრი დედლაინი გვაქვს და ნათელია, რომ თამაშების დაწყებამდე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ჩვენი გათვლით, გადაწყვეტილება პარასკევამდე გახდება ცნობილი. თუ ვინმეს არ დაუშვებენ, მათ ადგილს ოლიმპიურ თამაშებზე არავინ დაიკავებს“, განაცხადა ჟურნალისტებთან ადამსმა.
კომისიაში 3 წევრი შევა — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექს-პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი, მშვილდიდან სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი უგურ ერდენერი და ათლეტიკური კომისიის წარმომადგენელი კლაუდია ბოკელია. საუბარი რუსეთის ნაკრების საერთო დათხოვნაზე არ მიდის, დასახელებული „სამეული“ საქმეს ინდივიდუალურ ფაქტებზე დაყრდნობით განიხილავს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა 24 ივლისს რიოს ოლიმპიადიდან რუსეთის მთლიანი ნაკრების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და საერთაშორიოს სპორტულ ფედერაციებს უფლება დაუტოვა განსაზღვრონ თუ ვინ მიიღებს რიო 2016-ის თამაშებში მონაწილეობას. ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც მანამდე დოპინგის სკანდალში გაეხვნენ, ოლიმპიადაზე არ დაიშვებიან.
ასე რომ, მას შემდეგ რაც სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) რუსი სპორტსმენების სიასთან დაკავშირებით თანხმობას (ან წინააღმდეგობას) განაცხადებს, რომელსაც მათ საერთაშორისო ფედერაციები გადასცემენ, თითოეულ ათლეტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საერთასორისო ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს.