თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. რუსეთის დაახლოებით 270 სპორტსმენს საერთაშორისო ფედერაციებმა რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე თანხმობა განუცხადეს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ოლიმპიური კონიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ჟუკოვმა, იუწყება Р-Спорт-ი.
„არც ერთ სპორტსმენთან დაკავშირებით პროცედურა ჯერ დასრულებული არ არის. ამ დროისთვის რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის თანხმობა დაახლოებით 270 სპორტსმენს მიეცა“, — განაცხადა ჟუკოვმა.
მისი სიტყვებით, ამჟამად ფედერაციების გადაწყვეტილებას დაახლოებით 100 სპორტსმენი ელოდება.
ჟუკოვის განმარტებით, ყველაზე რთული ვითარებაა ძალოსნობაში, დიდი ალბათობით, რიოს ოლიმპიადაზე ამ სახეობაში რუსეთიდან მხოლოდ სამი სპორტსმენი წარდგება.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ რუსმა სპორტსმენებმა, რომლებიც ანტიდოპინგური მსოფლიო სააგენტოს (WADA) უფროსის რიჩარდ მაკლარენის სიაში მოხვდნენ, მაინც შეძლონ რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება.
მაკლარენის კომისიამ 18 ივლისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ანტიდოპინგური წესების დარღვევას ეხებოდა, რის შემდეგაც WADA-მ რიოს ოლიმპიადიდან რუსეთის მთელი ნაკრების მოკვეთის შესახებ რეკომენდაცია გასცა.