თელავში სავარაუდოდ მე–13 საუკუნის გვირაბი აღმოაჩინეს

გამოწერა
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ გვირაბი გვიანდელი ფეოდალიზმის ხანას განეკუთვნება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. არქეოლოგებმა თელავში აქამდე უცნობი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც, სპეციალისტების აზრით, მე–13 საუკუნით თარიღდება.

არქეოლოგიურ გათხრებს ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ამ ეტაპზე თელავის მერია აფინანსებს. გაწმენდითი სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 440 ლარი გამოიყო.

„დავიწყეთ გვირაბის გათხრის სამუშაოები, მაგრამ შემდეგ ძალზე საინტერესო არტეფაქტები აღმოვაჩინეთ – ესაა გვირაბის რამდენიმეფენიანი კედელი. და სწორედ მასზე ნათლად ვლინდება არქიტექტურული განსაკუთრებულობა, რომლითაც ნაგებობებს იმ საუკუნეებში აშენებდნენ. სავარაუდოდ, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, საქმე გვიანდელი ფეოდალიზმის ხანასთან გვაქვს“, – განაცხადა თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

წიგნები - Sputnik საქართველო
თელავის პარკში წიგნების კასრს განათავსებენ

ასევე, გვირაბში აღმოჩენილია კერამიკული ნაკეთობების ნაშთები, ადამიანებისა და ცხოველების ძვლები, ასევე წარწერა არაბულ ენაზე, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, აღნიშნეს ქალაქის მერიაში.

სამუშაოებს ახორციელებს ექსპედიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. სწორედ თუშაბრამიშვილმა გაგზავნა არტეფაქტები თბილისის ლაბორატორიაში და მათი მიახლოებითი ასაკი დაადგინა.

გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მეცნიერები მიწისქვეშა გასასვლელის შესწავლას შეუდგებიან: ჩატარდება გეოფიზიკური სამუშაოოები და გვირაბის სიგრძის აეროფოტოგადაღება.


ყველა ახალი ამბავი
0