თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აღმაშენებლის გამზირზე №59 სახლის კედელს ვერტიკალურად გაამწვანებენ.
ყვავილები და მცენარეები შენობის კედელზე ჩამონტაჟებულ სპეციალურ ლითონის კონტეინერებში განთავსდება. ასევე მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
„შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე, დიდ როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის“, – აღნიშნულია „თბილისის განვითარების ფონდის“ განცხადებაში.
პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
თბილისის ისტორიულ ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასვენების ახალი ზონები შეიქმნება, ფოსტის შენობიდან მშრალ ხიდამდე ქუჩის ნაწილი ფეხით მოსიარულეთა ზონად იქცევა, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის. ყველაფერ ამას დედაქალაქის მერიის პროექტი „ახალი ტფილისი“ ითვალისწინებს. გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.