თბილისი 1 აპრილი, Sputnik. თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ტარდება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების ჩატარების გამო ავტომობილებისთვის მოძრაობა ნახევარი წლით შეიზღუდება.
2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან საარბრიუკენის მოედნამდე.
„აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემუშავებული: აღმაშენებლის გამზირზე კ.მარჯანიშვილის მოედნიდან ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით“, — ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
დავით აღმაშენებლის გამზირზე კ.მარჯანიშვილის მოედნიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და საარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დ. უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით. დროებით შეიზღუდება მოძრაობა კიევისა და რომის ქუჩებზეც.
თბილისის ისტორიულ ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასვენების ახალი ზონები შეიქმნება, ფოსტის შენობიდან მშრალ ხიდამდე ქუჩის ნაწილი ფეხით მოსიარულეთა ზონად იქცევა, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის. ყველაფერ ამას დედაქალაქის მერიის პროექტი „ახალი ტფილისი“ ითვალისწინებს. გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.