პარასკევი, 29 ივლისი
„გახსნილი სამყარო“ — ირინა გაბიანის ნამუშევრების გამოფენაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მრავალფეროვან მიკრო- და მაკროსამყაროებს ეძღვნება. მხატვარი ცდილობს თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის.
გსურთ გაერთოთ, განიტვირთოთ და ამით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ? მაშინ Tild-ის ექსპერიმენტულ თეატრს ესტუმრეთ, სადაც ფრანგი დრამატურგის ერიკ-ემანუელ შმიტის ფარსი-კომედია გელით. სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ.
შაბათი, 30 ივლისი
იაპონიის უნიკალურ კულტურასთან მიახლოებას იაპონური ზაფხულის ფესტივალ "ნაცუ-მაცურიზე" შეძლებთ, რომელსაც თბილისის „გარდენ–ჰოლი“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დაგეგმილია ქოსფლეი კონკურსი, იაპონური ცეკვით დადგმული წარმოდგენა, იაპონური კალიგრაფია — შოდო, ორიგამის ხელოვნება და ასევე Art-კუთხეები, სადაც ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალზე მოძრავი კიოსკებით იაპონურ ეროვნულ კერძს – იატაის შესთავაზებენ, ასევე შესაძლებელი იქნება იაკიტორის, ტაკოიაკის, იაპონური ნამცხვრის, ცნობილი იაპონური ნაყინის – მატჩას დაგემოვნება. ფესტივალი 12:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.
იყო საქართველოში და ხელიდან გაუშვა მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების შანსი?! ეს უპატიებელი შეცდომა იქნება! მომღერალი მსმენელის წინაშე Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარდგება. კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან სპეციალური ტრანსპორტი იმოძრავებს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
კვირა, 31 ივლისი
გრანდიოზული წარმოდგენა და, ორგანიზატორების თქმით, კავკასიის რეგიონისთვის უპრეცედენტო 3D ლაზერული შოუ გელით ლუქს-კლასის სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ს გახსნაზე. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები და ასევე „რუსთავის“ ცეკვის ანსამბლი. შოუ რუსთაველის გამზირზე, №29-ში 21:30 საათზე დაიწყება.
Tbilisi Open Air 2016-ის სამი დღე
Tbilisi Open Air 2016-ზე ამ უქმეებზე ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ჟანრის მუსიკის სამი დღე გელოდებათ. ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი წელს ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება, რომელიც 40-ზე მეტ ქართველ და უცხოელ შემსრულებელს შეკრებს.
ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან ბრიტანული კოლექტივი Morcheeba, ფრანგული დუეტი Air, ირლანდიელი შემსრულებელი Damien Rice და ამერიკელი ვირტუოზი გიტარისტი Steven Vai.
არანაკლებ საინტერესო იქნება ბრიტანული მუსიკალური კოლექტივის U.N.K.L.E-ს, შვეიცარიელი დიჯეების დუეტის Adriatique-ისა და როსტოვული ჯგუფ Motorama-ს მოსმენა.
Tbilisi Open Air-ის სცენაზე ქართველი მუსიკოსებიდან წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, ერეკლე დეისაძე, რობი კუხიანიძე, ქეთათო და სხვები.
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ დროის მანძილზე მის სცენაზე ისეთი ცნობილი ვარსკვლავები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ. არ გამოტოვოთ!
SPUTNIK-ი სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!