თბილისი, 29 ივლისი— Sputnik. „აჭარის დღეები“, რომელზეც ქართული ფოლკლორი და ეროვნული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი, ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში ყოველწლიური საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში 29-30 ივლისს გაიმართება.
ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მსოფლიოს მასშტაბით პიარ-კამპანიას აწარმოებს. ლიტვის შემდეგ „აჭარის დღეები“ პოლონეთში (13 აგვისტო) გაიმართება, ხოლო შემოდგომაზე კი ღონისძიებას ესტონეთი, ლატვია და უკრაინა უმასპინძლებენ. მოგვიანებით აჭარის ტურისტულ პოტენციალს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშიც გაეცნობიან.
„ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას ჩვენ სამიზნე ქვეყნებში… „აჭარის დღეებზე“ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ადგილზე ვაცნობთ იმ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რის გამოც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ესაა ჩვენი მდიდარი ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო“, — განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.
კლაიპედაში ყოველწლიურ საზაფხულო ფესტივალს 10 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
„აჭარის დღეები“ 2016 წელს უკვე ჩატარდა ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში.