თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა, ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
სულ ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და „ერ-კა-გე-3“-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.
„აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება» — ნათქვამია შს სამინისტროს შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში სამცხე-ჯავახეთის ხუთმა მკვიდრმა ასევე ნებაყოფილობით ჩააბარა პოლიციას დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი — 4 113 ტყვია, 3700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 ფეთქებადი ყუმბარა და 3 სასიგნალო რაკეტა.