თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის გაზრდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთანაა დაკავშირებული და არა მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდასთან, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) კვირის დასაწყისში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელთა ხელფასების 2012-2015 წლებში 69,1%-ით გაიზარდა და მხოლოდ გასულ წელს 25 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ამასთან ერთად ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელფასო ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება 2011-2015 წლების საშტატო ერთეულის გაზრდას. კერძოდ, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ მხოლოდ 27,8% შეადგინა.
„სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, არამედ ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, 2011 წელს პროკურატურაში 626 თანამშრომელი ირიცხებოდა, 2015 წლის მდგომარეობით კი — 815. თანამშრომელთა შტატების გაზრდა ათასობით მოქალაქის საჩივრებმა და ახალი დეპარტამენტებისა და სამმართველოების შექმნამ გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, 814 თანამშრომლიდან მხოლოდ 53-ია მაღალი თანამდებობის პირი — მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.
პროკურატურა განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, პროკურატურის თანამშრომლის საშუალო ანაზღაურება 2469 ლარს შეადგენს, რაც 43%-ით მეტია 2011 წლის შესაბამის შრომის ანაზღაურებასთან (1721 ლარი). ხელფასების ასეთ მატებას უწყება ზეგანაკვეთური სამუშაოთი ხსნის, ხოლო სახელფასო დანამატებს – კარგი მუშაობის წახალისებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მთავარ პროკურატურაში 2015 წელს საპრემიო ფონდი 3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა დანამატი 3 854 353 ლარით გაიზარდა. პრემიებისა და დანამატების საერთო მოცულობამ კი გასულ წელს 10 619 509 ლარი შეადგინა.