თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსოფლიო ვარსკვლავი კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია — მომღერლის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 27 ივლისს, გვიან ღამით დაეშვა.
ქართველი მსმენელის წინაშე მომღერალი ახალ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს სცენაზე 30 ივლისს წარდგება.
სწორედ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი, რომელიც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ააშენა და სახელმწიფოს გადასცა.
როგორც საინფორმაციო პორტალი 2030 იუწყება, აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს აგილერასთან მიახლოებისა და, მით უმეტეს, გასაუბრების უფლება აკრძალული ჰქონდათ.
ცნობილია, რომ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდა.
კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე „საქართველოს რკინიგზამ“ 30 ივლისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 10:25 საათზე გავა, ურეკში კი 14:51 საათზე იქნება. ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 საათზე და თბილისში 06:10 საათზე ჩამოვა.
მატარებელი ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.
რაც შეეხება კონცერტის ბილეთებს, კონცერტის ორგანიზატორებმა, ასევე მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დაამატეს ახალი კატეგორიის ბილეთები – Silver Ring.
კრისტინა აგილერა „გრემის“ ექვსი და „ლათინური გრემის“ პრემიის მფლობელია. საერთო ჯამში მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 110 მილიონ ასლს აღემატება, რამაც კრისტინა აგილერა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მომღერლად აქცია.
გარდა ამისა, აგილერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიმშილთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. იგი არის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი.
კრისტინა აგილერა კარგად დამუშავებული ვოკალური ტექნიკითა და ძლიერი და მოქნილი ხმით გამოირჩევა, რის გამოც მას მერაია ქერისა და უიტნი ჰიუსტონს ადარებენ.