კრისტინა აგილერას ფანებისათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

გამოწერა
ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა ურეკში კონცერტს 30 ივლისს გამართავს. კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რიცხვის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი მატარებელი დანიშნა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს რკინიგზამ ურეკში დაგეგმილი ამერიკელი მომღერლის კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, 30 ივლისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დანიშნა. 

კრისტინა აგილერას კონცერტით 30 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცა. 

4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ, —  ნათქვამია საქართველოს რკინიგზის შეტყობინებაში

რაც შეეხება ბილეთებს აგილერას კონცერტზე, კონცერტის ორგანიზატორებმა ასევე მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ახალი კატეგორიის ბილეთები დაამატეს "Silver Ring".

კრისტინა აგილერა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერა საქართველოში იმღერებს

პარტერის ნაწილში — Golden Ring-ის ბილეთი 100 ლარი ღირს, ხოლო Silver Ring — 50 ლარი. Black Sea Arena-ს დირექტორის დიმიტრი ბერიძის განმარტებით, "სილვერ რინგში" მოხვედრის მსურველებისთვის 2 000-მდე ბილეთი გაიყიდება:

"თავდაპირველად, პარტერის ნაწილზე გამოვაცხადეთ, რომ გაიყიდებოდა როგორც "გოლდენ რინგი". იმის გამო, რომ დიდი ინტერესი გაჩნდა ფეხზე დასადგომ ადგილებზე და ზოგიერთისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, გადავწყვიტეთ, პარტერი გაგვეყო და დავამატეთ "სილვერ რინგი", რომლის ბილეთის ფასიც სულ რაღაც 50 ლარი იქნება, ნათქვამია Black Sea Arena-ს შეტყობინებაში. 

კრისტინა აგილერა „გრემის“ ექვსი და „ლათუნური გრემის“ პრემიის მფლობელია. საერთო ჯამში, მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 110 მილიონ ასლს აღემატება, რამაც კრისტინა აგილერა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მომღერლად აქცია. 

გარდა ამისა, აგილერა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შიმშილთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისათვის, დააჯილდოვა. იგი არის გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი. 

კრისტინა აგილერას ძლიერი ვოკალის გამო მერაია კერისა და უიტნი ჰიუსტონსაც ადარებენ.  


ყველა ახალი ამბავი
0