ამბავი ტფილელი მაგნატისა, მაგიური სახლისა, ბრილიანტებისა და ლავრენტი პავლოვიჩისა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბოზარჯიანცების სახლი თბილისში
ბოზარჯიანცების სახლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „გასეირნება ტფილისში“ საოცარი სახლისა და მისი ბინადრების ისტორიას გაგაცნობთ.

ეკატერინე მიქარიძე

მადამ ბოზარჯიანცი — ტფილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცის, თამბაქოს მწარმოებელი ნიკოლოზ ბოზარჯიანცის მეუღლე, სამი შვილის პატივსაცემი დედა…

ტფილელები გუდოვიჩის ქუჩაზე მდებარე სახლს, იმ ქუჩაზე, ახლა რომ დანიელ ჭონქაძის სახელს ატარებს, ჯიუტად უწოდებდნენ მადამ ბოზარჯიანცის სახლს. თანაც, მადამ ბოვარიზე ირონიული მინიშნებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი ჰქონია საერთო ამ ლიტერატურულ პერსონაჟთან, რომელმაც ცხოვრება ვნებიანი სიყვარულის ძიებაში გაატარა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასულა.

ყველაფერი ძალიან მარტივად იყო: უბრალოდ, წინდახედულმა მილიონერმა, ქონება რომ ხელყოფისგან დაეცვა, სახლი ცოლის სახელზე გააფორმა. ეს იყო და ეს.

© Sputnik/Levan Avlabreliბოზარჯიანცების სახლის სადარბაზო შესასვლელი
ბოზარჯიანცების სახლის სადარბაზო შესასვლელი  - Sputnik საქართველო
ბოზარჯიანცების სახლის სადარბაზო შესასვლელი

ქალაქის მარგალიტი

ნიკოლოზ ბოზარჯიანცის მცდელობა ამაო გამოდგა — ქონება ვერ დაიცვა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თამბაქოს საწარმო „ბოზარჯიანცი და შვილები“ სახელმწიფომ წაიღო და იქ დამზადებული პაპიროსი „სიმპათია“ „პრიმით“ ჩაანაცვლა,  თამბაქოს მაგნატის მდიდრულ სახლში პარტიული ელიტა შეასახლა, ხოლო თავად ტფილელი მილიონრის ოჯახს ორი ოთახი დაუტოვა საცხოვრებლად. აბა, რა, პროლეტარიატის მტრებისთვის ხომ ესეც მეტი იყო?! 

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, წლები გავიდა, მაგრამ ქალაქური არქიტექტურის მარგალიტად აღიარებული სახლი დღემდე ახარებს თვალს თავისი დიდებულებით.

ეს სახლი რაღაც მაგიურ ძალას ფლობს. ქალაქის უძველეს უბანში, სოლოლაკში უამრავი შენობა დგას ისეთი, დანახვაზე სუნთქვა რომ გეკვრის, მაგრამ ბოზარჯიანცების ყოფილ სახლს რაღაც განსაკუთრებული, ანდამატივით მიზიდულობა აქვს: ქუჩაში შენთვის მოსეირნეს ადგილზე გაქვავებს.

დავით სარაჯიშვილის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
დავით სარაჯიშვილი — კამიუს კონიაკის საიდუმლოს მფლობელი და სამჯერ დაკრძალული პატრიოტი

არაფერს ვაჭარბებთ. ამ სახლთან ნებისმიერი გამვლელი ანელებს ნაბიჯს, რათა თვალი შეავლოს მას. და აქ საქმე არც სახლთან დაკავშირებულ იდუმალ ისტორიებშია, რომ თითქოს ბოზარჯიანცმა და მისმა მდიდარმა მეგობრებმა საძირკველში უამრავი ბრილიანტი და სხვა ძვირფასი თვლები ჩაყარეს მუჭებით, არც მის არქიტექტურულ ფასეულობაში, არც იმაში, რომ 1915 წელს ამ სამსართულიან ნაგებობას საუკეთესო ფასადისთვის ტფილისის სათათბირომ ვერცხლის მედალი არგუნა (ოქრო არავის მიუღია, ასეთი ჯილდოს ღირსად კონკურსის ორგანიზატორებმა, რატომღაც, არცერთი შენობა არ ცნეს), არამედ სულ სხვა, აბსოლუტურად აუხსნელ, სიტყვით ძნელად გადმოსაცემ ხიბლში.

ცნობილი ტფილელი არქიტექტორის, მიხეილ ოგაჯანოვის შედევრი, უპირველესად, ზომით, ფორმებითა და დახვეწილი ორნამეტებით ატყვევებს მნახველს, რომლებშიც არაფერია ყალბი და ზედმეტი.

სახლის წინ მყუდრო ბაღია გაშენებული, რომელსაც უცხო მაქმანად შემოვლებია თუჯის მესერი. სახლს ლათინური Т-ს ფორმა აქვს. ფლიგელი, ეტყობა, მოსამსახურეების საცხოვრებლად იყო ჩაფიქრებული. ალბათ, იქვე იდგა პირველი ავტოც, რომელიც, როგორც ამბობენ, ქალაქელებიდან პირველებს სწორედ ბოზარჯიანცებს შეუძენიათ…

© Sputnik/Levan Avlabreli ბოზარჯიანცების სახლში დღემდეა შემორჩენილი მარმარილოს კიბეები და ძველებური შორენკეცით მოპირკეთებული კედლები
 ბოზარჯიანცების სახლში დღემდეა შემორჩენილი მარმარილოს კიბეები და ძველებური შორენკეცით მოპირკეთებული კედლები - Sputnik საქართველო
ბოზარჯიანცების სახლში დღემდეა შემორჩენილი მარმარილოს კიბეები და ძველებური შორენკეცით მოპირკეთებული კედლები

ესეც ასე, გარედან ყველაფერი შესწავლილია. დროა, ზარი დავრეკო და შეშვება ვითხოვო.

დომოფონზე შემთხვევით შერჩეულ ღილაკს თითს ვაჭერ და ვემზადები, ვიზიტის მიზეზი ავუხსნა სახლის ბინადარს. მაგრამ არაფრის ახსნა არ მჭირდება. საკეტმა გაიჩხაკუნა და ჩვენც დაუბრკოლებლად გადავაბიჯეთ ზღურბლს.

შესასვლელი კარი ნახევრად მინისაა და ქუჩიდან კარგად ჩანს სადარბაზოს ძველებური შორენკეცით მოპირკეთებული კედლები. ფრთხილად შევდივართ და ნელი ნაბიჯით,  მარმარილოს სქელ მოაჯირზე ხელის გასრიალებით მივუყვებით მარმარილოსავე კიბეს.

მანთაშევი - Sputnik საქართველო
ტფილისელი მაგნატის ბანკებში ჩაკარგული მილიონები და შანსგაშვებული მემკვიდრეები

ყველაზე მეტად მაინც პირდაპირ იტალიიდან ჩამოტანილი ვენეციური მინის სიჭარბე მხიბლავს. აქ ყველაფერი მისითაა „მოჭიქული“ — დერეფნიდან დერეფანში გასასვლელი კარებიცა და ბინებისაც. და კიდევ ძველებური პარკეტი გრძელ კორიდორებში — გალაპლაპებული და სარკესავით მბზინავი… ჰო, და კიდევ ძველებური ვიტრაჟი ჭერზე.

სიყვარული, ჯაზი და ბრილიანტები

ბოზარჯიანცების სახლის მშენებლობა ორი წელი გრძელდებოდა — 1912-დან 1914-მდე. თამბაქოს მაგნატს სამი ვაჟი ჰყავდა: ივანე, მიხეილი და არშაკი. სამსართულიანი სახლი სწორედ სამი ძმის საცხოვრებლად იყო მოაზრებული — თითო ძმას თითო სართული. მესამე მიხეილს რგებია. ეს თავად მისმა შვილმა, ამ სახლის ბინადარმა გვითხრა, რომლისთვისაც, პაპის საპატივცემულოდ, ნიკოლოზი დაურქმევიათ… თუმცა, მთლად ნამდვილისა კი არა, პაპის ძმისა.

© Sputnik/ Levan Avlabreli ბოზარჯიანცების სახლის ინტერიერი
ბოზარჯიანცების სახლის ინტერიერი - Sputnik საქართველო
ბოზარჯიანცების სახლის ინტერიერი

მასა და დედამის ვარვარა აღასის ასულს აქ, მესამე სართულზე, დერეფნის ბოლოში ეჭირათ ოთახი. დანარჩენი ბოზარჯიანცების კვალი, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სადღაც გაქრა. ერთნი ამბობენ, ივანე და არშაკი ევროპაში გაიქცნენო, მეორენი ამტკიცებენ, მაგათი შთამომავლები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე აქ სახლობდნენო…

მოკლედ, გასაბჭოების შემდეგ მდიდრული აპარტამენტების მესამე სართულის დიდი ნაწილი ცნობილ რევოლუციონერს, ალექსანდრე გეგეჭკორს მიაკუთვნეს. მისი გვარი სადარბაზოს ხის კარზეც კია ამოტვიფრული. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მასვე აჩუქა ბოზარჯიანცების ნაქონი უძვირფასესი ავეჯი და სხვა ნივთები: როიალი, ინკრუსტირებული სადაფის თეჯირი, სკამები, მაგიდები… 

გეგეჭკორებთან ხუთშაბათობით პარტიული ნაცნობ-მეგობრები იყრიდნენ ხოლმე თავს ლოტოს სათამაშოდ და ვარვარა აღასის ასული შანსს არ უშვებდა, შეკრებას დასწრებოდა და ერთ დროს ოჯახის კუთვნილი ავეჯისთვის კიდევ ერთხელ შეევლო თვალი. ბურჟუა ქალბატონს სწორედ წარსულის ნოსტალგია აიძულებდა, პარტიული მოღვაწეების საღამოებზე ევლო…

ლაღიძის წყლების ეტიკეტი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული ქართველი, ამერიკის პრეზიდენტები და მიტროფანე ლაღიძის პასუხი „კოკა–კოლას“

უზარმაზარი, 100 კვადრატულ მეტრიანი მისაღები დარბაზიც გეგეჭკორების განკარგულებაში გადასულა თავდაპირველად, მაგრამ მერე ამხანაგ ალექსანდრეს თანაპარტიელი დოლიძისთვის მისი გაყოფა მოსწევია. სწორედ ამ განაყოფ ოთახში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე ცხოვრობს რევოლუციონერის შვილიშვილი, ქალბატონი დოდო დოლიძე. სწორედ ის მიიჩნევა აქაური იდუმალი ამბების მცველად. მიუხედავად ასაკისა, არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს — როგორც ეს ისტორიკოსს შეეფერება.

„ისე მოხდა, რომ აფხაზეთიდან დეიდა გვეწვია სტუმრად, ნადია“, — იხსენებს ქალბატონი დოდო. — „ისეთი ლამაზი იყო, რომ მამაკაცები მის დანახვაზე მუნჯდებოდნენ. დეიდაჩემმა მეზობელი ბოზარჯიანცები გაიცნო და ისე მოიხიბლა გალანტური და განათლებული ნიკოლოზით, რომ მალე მათ შორის სიყვარულმა იფეთქა და საქმე ქორწილით დამთავრდა.

© Sputnik/ Levan Avlabreli ვიტრაჟი სახლის ჭერზე
ვიტრაჟი სახლის ჭერზე  - Sputnik საქართველო
ვიტრაჟი სახლის ჭერზე

ნიკოლოზ ბოზარჯიანცი რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა — მათ შორის, ინგლისურად და ფრანგულად, ჯაზით იყო გატაცებული და იმდენად მომაჯადოებელი გარეგნობისა იყო, რომ ვერცერთი ქალი ვერ უძლებდა მის ხიბლს. იცით, რაოდენ დაუჯერებლადაც  უნდა მოგეჩვენოთ, მათი პირიდან არასდროს მსმენია ხელისუფლების საყვედური, რომლებმაც მთელი ქონება წაართვეს. ამ ოჯახის წარმომადგენლები ბრწყინვალე  განათლებითა და მაღალი კულტურით გამოირჩეოდნენ“.

ქალბატონი დოდო ამბობს, ნადიასა და ნიკოლოზს შვილები არ ჰყავდათ და მთელ სიყვარულს მე — პატარა გოგოს მაფრქვევდნენ თავზეო. ისიც გაიხსენა, როგორ იღებდა ხოლმე ვარვარა აღასის ასული სამალავიდან უზარმაზარ ბრილიანტს, როგორ დებდა მზეზე, როგორ კიაფობდა ცისარტყელის ფერებად ძვირფასი ქვა და როგორი სიცილ-კისკისით ცდილობდნენ ბავშვები მისგან გამოტყორცნილი სხივების დაჭერას…

მიქაელ არამიანცი - Sputnik საქართველო
სიღატაკეში გარდაცვლილი უმდიდრესი ტფილისელი და ქალაქისთვის გაღებული მილიონები

სწორედ ვარვარას უსწავლებია პატარა დოდოსთვის უცხო ენებზე წერა-კითხვაცა და ქარგვაც.

„ვარვარა ღვთისმოსავი ქალბატონი გახლდათ. ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა. 50-იან წლებში გარდაიცვალა. ნიკოლოზი კი, მიუხედავად საუცხოო განათლებისა, ტაქსისტად მუშაობდა. დიახ, მაგნატის შვილიშვილი ჩვეულებრივი მძღოლი იყო და ხშირად გვასეირნებდა თავისი ტაქსით. ბევრი საგვარეულო ძვირფასეულობა ჰქონდა შემორჩენილი და თუ მძიმე პერიოდი უდგებოდათ, დეიდაჩემი რომელიმე ნივთს ჰყიდდა. თუმცა, ძია კოლიაც კარგ ფულს შოულობდა იმ დროის პირობაზე და შესაძლოა ძალიან მდიდრულად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ იმდენს კი ახერხებდნენ, რომ კვირაში ერთხელ რესტორანში ესადილათ. ეს მათი ოჯახური ტრადიცია იყო“, — იხსენებს ქალბატონი დოდო.

© Sputnik/ Levan Avlabreli სახლის გასაფორმებლად ვენეციური მინა ბოზარჯიანცებს პირდაპირ იტალიიდან გამოუწერიათ
სახლის გასაფორმებლად ვენეციური მინა ბოზარჯიანცებს პირდაპირ იტალიიდან გამოუწერიათ - Sputnik საქართველო
სახლის გასაფორმებლად ვენეციური მინა ბოზარჯიანცებს პირდაპირ იტალიიდან გამოუწერიათ

ბოზარჯიანცების წყვილმა დიდხანს იცოცხლა. ჯერ ნიკოლოზი გარდაიცვალა, მერე კი ნადიაც მიჰყვა მეუღლეს. ოთახი და ავეჯი ქალბატონ დოდოს დაუტოვეს — ძველებური მაგიდა, ხის სერვანტი და პორტრეტები — ქალბატონ ვარვარასი და მისი ვაჟის, ნიკოლოზ ბოზარჯიანცისა. ქალბატონი დოდო ყველაზე მეტად სწორედ ამ ძველებურ პორტრეტებს უფრთხილდება, როგორც დეიდა ნადიამ დაუბარა ანდერძად.

ლავრენტი ბერია და ბოზარჯიანცების სახლი

ამბობენ, ამ სახლში თავად ლავრენტი ბერია ცხოვრობდაო, თუმცა, რომელ წლებში ეკავა მრისხანე კომისარს აქაური აპარტამენტები, ზუსტად ცნობილი არ არის. ამის თაობაზე ინტერნეტში არსებული მწირი ინფორმაციიდან მხოლოდ იმის ამოკითხვა შეიძლება, რომ ეს ბერიას პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ხდებოდა…

სახლის ამჟამინდელ ბინადრებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ეს ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, მაგრამ მეზობლების ნაამბობიდან იმის გარკვევა, კერძოდ, რომელი ოთახი ეჭირა ლავრენტი პავლოვიჩს, ძალიან გაძნელდა. აი, მაგალითად, ქალბატონი დოდოს კარის მეზობელი ზინა ირწმუნება, ბერია ჩემს ოთახში ცხოვრობდაო.

© Sputnik/ Levan Avlabreli ულამაზესი ჭერი ბოზარჯიანცების სახლში
ულამაზესი ჭერი ბოზარჯიანცების სახლში  - Sputnik საქართველო
ულამაზესი ჭერი ბოზარჯიანცების სახლში

„ამ სახლში 1978 წელს გადმოვედი, მას შემდეგ, რაც გავთხოვდი. ჩემი ქმარი კი აქ დაიბადა და აქვე გაატარა მთელი ცხოვრება. ჰო, ამ სახლზე დიდხანს და ბევრი შეიძლება ილაპარაკოს კაცმა… ჩემი ქმრის, სერგოს მშობლები აქ 38 წელს დასახლებულან. მამამთილი პარტიული არა, მაგრამ თავგადაკლული კომუნისტი და საბჭოთა წრთობის კაცი კი ყოფილა. როცა მისთვის ამ სახლში პატარა ოთახი შეუთავაზებიათ, ახლობლებს ურჩევიათ, უარი თქვი, არ გადახვიდე მანდ საცხოვრებლად, მანდ იმათი აჩრდილები დაეხეტებიან, ვისაც „იმ კაცმა“ სიცოცხლე მოუსწრაფაო“, — გვიამბობს ზინა.

— არა, რას ამბობ?! — წამოიძახა ქალბატონმა დოდომ. — ბერია ამ ოთახში ცხოვრობდა და იცი, როგორ მოხვედრილა აქ? როგორ და გეგეჭკორი მაგისი ცოლის ნათესავი ყოფილა და იმისი წყალობით. მოგვიანებით სხვაგან გადასულა და ამის მერეღა შემოუსახლებიათ აქ ბაბუაჩემი. ეს სიმართლეა, გამოგონილი ამბავი კი არა“, — ამბობს ჩვენი მასპინძელი და საკუთარი ოთახისკენ იშვერს თითს.

მოკლედ, რაც დრო გადის, მით მეტად ჭირს ტყუილ-მართალის გარჩევა. მით უმეტეს, რომ თავად ჩვენც ხშირად ვუწყობთ ხელს ისტორიული პირების, ნაგებობებისა თუ მოვლენების იდუმალების საფარველით შებურვას… იმიტომ რომ ასე უფრო საინტერესოა.

ყველა ახალი ამბავი
0