თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. როგორც ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გვაცნობეს, ისინი ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად ნიუ-იორკში საქველმოქმედო კონცერტის გამართვას აპირებენ. კონცერტი კომპანია “Dancing crane” —თან არსებულ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართება. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი და კონცერტის წამყვანი, მსახიობი ცუცა კაპანაძეა. ჩვენ მას ნიუ-იორკში დავუკავშირდით.
მსახიობი ცუცა კაპანაძე: ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა გადავწყვიტეთ ცნობილი მწერლის ვაჟის, ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩავატაროთ. კონცერტი გაიმართება 31 ივლისს, 3 საათზე, ბრუკლინში, კომპანია “Dancing crane” —თან არსებულ ქართული კულტურის ცენტრში, რომლის ხელმძღვანელები არიან: ვიქტორ სირელსონი და ქალბატონ ლიკა ბახტურიძე- სირელსონი. კონცერტის ორგანიზატორია ასევე მანანა ელიაშვილი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სურვილს, რომ საქველმოქმედო კონცერტი ჩაგვეტარებინა ამერიკაში მცხოვრები ბევრი ქართველო ხელოვანი გამოეხმაურა. ასე რომ, მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკაში მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ნება მომეცით ისინი ჩამოვთვალო: ვიქტორ სირელსონი, ხათუნა იოსელიანი, მანანა ჩიტაური, მზია ბეკურაშვილი, ზაირა ჩოხელი, დავით ამბროსიძე, თენგიზ შაუთიძე, ბექა გოგინაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი შარაძე, ანი კოლხიდაშვილი, მალხაზ მანგოშვილი, ოთარ გიგოლაშვილი, ირმა დვალიშვილი, ანი ბეგიაშვილი, ნინო ღარიბაშვილი და ანსამბლი „ზეკარი“. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 20$ და შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება. მიხარია, რომ ქართველები კეთილი საქმის საკეთებლად ერთად დგომას ყოველთვის ვახერხებთ.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ ჩოხელი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახს კი საამისო თანხა არ გააჩნია.
თეონა გოგნიაშვილი