თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 2016 წლის 28 ივნისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფის „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება.
ქართველი მუსიკოსები დედაქალაქის სტუმრებისათვის და თბილისელებისათვის თავის ძველ და ახალ სიმღერებს შეასრულებენ.
„მგზავრების“ კონცერტს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მხარდაჭერით მოეწყობა.
ბილეთების გაყიდვიდან მირებული თანხა ორ მიზანს მოემსახურება: სენაკიდან სოციალურად დაუცველი ცხრაკაციანი ოჯახის დახმარებას და „იავნანას“ ფონდის მეურვეობის ქვეშ მყოფი დიტო რაზმაძის აშშ-ს საზაფხულო სკოლაში სასწავლო კურსს.
საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ფონდ „იავნანას“ მრავალრიცხოვანი პროექტების მუსიკალური ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის Georgian Brass-ის სასულე ინსტრუმენტების ანსამბლთან ერთად გამოვა.
ჯგუფი „მგზავრები“ 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე“, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.
მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია.