საქველმოქმედო ფონდი ,,თამარიანი“- ემიგრანტები საქართველოსთვის

© ფონდ "თამარიანის" ფოტოარქივიფონდის მიერ თბილისის ქუჩაში ჩატარებული აქცია
ფონდის მიერ თბილისის ქუჩაში  ჩატარებული აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგადად ისე ხდება, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები გასაგებ მიზეზთა გამო სამშობლოსგან მხარდაჭერას საჭიროებენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, თავად ემიგრანტებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ახერხებს და გარკვეულ დახმარებას უწევს მათ, ვისაც სამშობლოში სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს.

ამჯერად ფონდ "თამარიანზე" მოგახსენებთ, რომლის პრეზიდენტიც ამერიკაში მცხოვრები საოპერო მომღერალი ბექა გოგინაშვილია. ამ ადამიანისა და მისი მეგობრების ინიციატივით  ნიუ-იორკიდან არა ერთხელ მოხერხდა თბილისში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისთვის გარკვეული სახის დახმარების გაწევა. საჭიროდ ვთვლით, ამ ფონდის საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ.

ფონდ „თამარიანის“ ინიციატივით შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ნიუ —იორკიდან საქართველოში გამოიგზავნა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ქართველი ემიგრანტების მიერ შეგროვილი ტანსაცმელი, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულ რამდენიმე ოჯახს დაურიგდა. 

ბექა გოგინაშვილი, ამერიკაში მოღვაწე ხელოვანი, ფონდ,,თამარიანის“ პრეზიდენტი: „ორი სიტყვით მოგახსენებთ იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ და რას ემსახურება ფონდი „თამარიანი“. საერთოდ როდესაც ხელოვნება, კეთილ საქმეს ემსახურება, ის უფლის საჩუქარია. ამ იდეაში დარწმუნებულებმა, არა ერთი საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს კეთილ წამოწყებაში გვერდით დაგვიდგა, მათ შორის არიან: მამა ალექსანდრე თანდილაშვილი და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლი, ნიუ- იორკში მცხოვრები ემიგრანტი, ქალბატონი ალმა მაკაძე, რომელსაც ჩვენს მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის.  მჯერა, რომ სიკეთის კეთებას ერთად ყოველთვის შევძლებთ.  ფონდ "თამარიანის" წარმომადგენელი პირადად ეცნობა ხოლმე იმ ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.  ამ გზით გავეცანით უკიდურესად გაჭირვებულ შვიდსულიან ოჯახს, რომლისთვისაც დახმარების გაწევას შეძლებისდაგვარად მოვახერხებთ.

© ფონდ "თამარიანის" ფოტოარქივიხარატიშვილების შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ფონდმა დახმარება აღმოუჩინა.
ხარატიშვილების შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ფონდმა დახმარება აღმოუჩინა. - Sputnik საქართველო
ხარატიშვილების შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ფონდმა დახმარება აღმოუჩინა.

მინდა ვახსენო ის ორგანიზაცია, რომელმაც ემიგრანტების ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა, ეს გახლავთ ფირმა,,ნიკორა“, რომელიც თბილისის ქუჩებში ჩვენს მიერ ჩატარებულ აქციის დროს გვერდში დაგვიდგა. ამ აქციის ფარგლებშიც მსურველებს უფასო საკვები და ლიმონათი დაურიგდა. აღნიშნული ღონისძიებებით ემიგრანტები ქართველებისადმი  სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ვცდილობთ. ფონდ „თამარიანის“ ხელშეწყობით სამ საგანში ემზადება ახალგორიდან დევნილი ლაშა ბედოევი, რომელიც უსინათლო დედასთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ასევე დახმარება აღმოვუჩინეთ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ გველუკაშვილების ოჯახსაც.

მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას „Dronean.Ge“, რომელიც ამერიკიდან საქართველოში ამანათების გადაზიდვითაა დაკავებული. აქ თითოეულ კილოგრამში გადახდილი თანხიდან გარკვეული პროცენტი ქველმოქმედებისთვის ირიცხება. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატებიდან დახმარება გაეწია თბილისში, აფრიკის დასახლებაში, რკინიგზის ყოფილ N 28 ბაგა-ბაღში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 22 ოჯახს მეორადი მოხმარების ტანსაცმლით, რომელიც ფონდ „თამარიანს“ ნიუ-იორკში არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სამრევლომ ქველმოქმედებისთვის გადასცა. 

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩვენ ასევე დავაარსეთ მუსიკალური კონკურსი „კახეთის 2015“, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას ემსახურება. სამომავლოდ ეს კეთილი საქმე გაგრძელდება და ჩვენი აქტიურობით შევეცდებით საქართველოს ვემსახუროთ. და ბოლოს, აუცილებლად მინდა გითხრათ, არავინ ჩათვალოს, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება ფონდის საქმიანობების შესახებ იმას ნიშნავს, რომ თვითრეკლამას ვეწევით. ესაა იმ  პასუხისმგებლობის აშკარად დაფიქსირება, რასაც საზოგადოების წინაშე საკუთარ თავზე ვიღებთ.“

შეგახსენებთ, ფონდი „თამარიანი“ ემიგრანტების დაარსებულია, რომელთა უმრავლესობაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0