თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვია.
მეჭიაური — პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელმაც მმართველი პარტია „ართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მაისის თვეში დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩა. მეჭიაურმა არაერთხელ გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას ემხრობიან. მისი სიტყვებით, საქართველომ რუსეთთან უნდა დაალაგოს ურთიერთობები.
„მე ვთხოვე მათ (რუსეთის დუმის დეპუტატები, — რედ.) საქართველოში ჩამოსვლა და კონფლიქტური ზონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული პრობლემატიკის ადგილზე გაცნობა და ასევე ორივე მხარის მოსახლეობასთან შეხვედრა. პარლამენტარები შედარებით თავისუფალი ხალხია და მათ თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით შეუძლიათ პოზიტიური გავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე, რომელთა მინიმალური მოგვარებაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, — განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან ვიზიტის შედეგების შეფასებისას.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას.
„რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ეს შედარებით შეამსუბუქებს მათ პრობლემებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ტერიტორიული პრობლემების არსებობის პირობებში შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების ქონა, ისინი ძალზე ცდებიან", — აღნიშნა მან.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა. საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და აღნიშნული ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.