თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის შვიდივე მაჟორიტარობის კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს,-ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თითოეულ მათგანს რეგიონში არსებული პრობლემების ძალიან კარგი აღქმა და ხედვა აქვს.
„ეს ხედვა, რა თქმა უნდა, ერთობლივია. სამეგრელოს აქვს უდიდესი პერსპექტივა და შესაძლოა, გახდეს ძალიან ბევრი კუთხით ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების. მარტო ანაკლიის პროექტი იქნება ის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს. რამდენიმე ათასი ჰექტარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თვითონ პორტი, საქართველოში სატრანზიტო პოტენციალს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გარდა ამისა, არსებობს საწარმოო, სასოფლო-სამეურნეო და უპირველეს ყოვლისა, კულტურული პოტენციალი.
„სამეგრელო გახლავთ უმდიდრესი ამ კუთხით და ჩვენი ვალია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ. ამიტომ, ჩვენ წარვადგინეთ ზუსტად ის კანდიდატები, რომლებსაც ყველაფერ ამის თაობაზე აქვთ ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა. ისინი იქნებიან გამომხატველები მეგრელების ხმის საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში-პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, შვიდივე მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.