თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„მაზარ-ი-შარიფიდან 130 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა, მათ წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია. 32-ე ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხსენებული ასეულიც წარმატებით დაგვიბრუნდება. ბიჭებს შინ დაბრუნებას ვულოცავ, ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს“, — განაცხადა დახვედრის ცერემონიაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ქართული ასეული ბაზა „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. III ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეული საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ჩაანაცვლა.