თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა. საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ხუთკაციანი ჯგუფი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამხედრო მრჩეველთა მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო, ხოლო ქართველი სამხედროები მისიას ოდნავ მოგვიანებით — 12 აპრილს შეუერთდნენ.
„დღეს ისინი მშვიდობით დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ევროკავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ჩვენ უკვე ვემზადებით ევროკავშირის ახალი მრჩეველთა მისიისთვის, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში დაიწყება“, — აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
ბეგოიძე ქართველ სამხედროებს გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
„ჩვენმა ბიჭებმა ეს მისია კარგად შეასრულეს და თავის ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მისიაში 11 ქვეყნის 75 სამხედრო მონაწილეობდა. საქართველო ხუთი სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი. ჩვენი ამოცანა მაღალი რანგის პერსონების ესკორტირება და დაცვა იყო როგორც გადაადგილების, ისე შეხვედრების დროს“, — განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა გიგა მოდებაძემ.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეორე სამშვიდობო მისიის დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წინ უძღოდა სამხედრო ოპერაცია ევროკავშირის ეგიდით, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2013 წლის დასაწყისში ბანგიში ისლამისტური დაჯგუფება „სელეკის“ ბოევიკებსა და ამბოხებულ ქრისტიანებს შორის შეტაკებები დაიწყო.