თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. თურქეთის განათლების სამინისტრო კეტავს 1669 სასწავლო დაწესებულებას და საერთო საცხოვრებელს, რომლებიც ისლამის ოპოზიციური მქადაგებლის ფეთჰულაჰ გუილენის საქმიანობასთან არიან დაკავშირებული, ტელეარხ Haberturk-ზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.
ტელეარხის წყაროს მონაცემებით, საუბარია 936 კერძო სკოლაზე, 449 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, 284 სხვა კერძო სასწავლო დაწესებულებაზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 11 ათასზე მეტ პასპორტს მოქმედება შეუწყდა.
16 ივლისის ღამეს მეამბოხეთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელა, რომელიცხელისუფლების მიერ აღკვეთილ იქნა. ძირითადი დაპირისპირებები სტამბულსა და ანკარაში მოხდა. მეამბოხეების გარდა, დაიღუპა 246 თურქი მოქალაქე, 2 ათასზე მეტი დაიჭრა. გადატრიალების მცდელობის გამოძიებისას ხელისუფლებამ 10,4 ათასი ადამიანი დააკავა, თურქეთის სხვადსხვა სფეროს ათი ათასობით წარმომადგენელი სამსახურს ჩამოაშორეს.
ამჟამად ქვეყანაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული, ამბოხთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.