თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობის შემოღება გაამყარებს უფლებებსა და თავისუფლებებს თურქეთში, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია და უკვე არ შეუძლია მოვალეობების შესრულება. ერდოღანმა, თავის მხრივ, მოუწოდა თავის თანამემამულეებს გამოსულიყვნენ ქუჩებში და წინააღმდეგობა გაეწიათ ამბოხებულთათვის. ანკარასა და სტამბულში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა.
უკვე 16 ივლისის დილით ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შესახებ განაცხადა. გადატრიალების მცდელობის შედეგად 190 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა. ცნობილია რამდენიმე ათასი პუტჩის მომხრის დაკავების შესახებ.
გასულ საღამოს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმის მიზნით სამი თვით შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მან მიუთითა, რომ ეს ნაბიჯი ეროვნული კონსტიტუციის შესაბამისად გადადგა.
თურქეთის ლიდერის თქმით, ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო არ დაზარალდება, არამედ, პირიქით, განმტკიცდება. ერდოღანმა ივარაუდა, რომ ანკარის მიერ ამბოხის ორგანიზებაში დადანაშაულებული ოპოზიციონერის — ფეთხულა გიულენის მომხრეები არ გაჩერდებიან და „რაიმე ქმედებებს მიმართავენ საკუთარი მომავლისთვის“.
„მაგრამ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი ერთიანი ფრონტით წინ აღუდგება მსგავს პირებსა და ორგანიზატორებს. სანამ ჩვენ ერთიანნი ვართ, ტანკები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ“, — განაცხადა ერდოღანმა.
მისი აზრით, საშიშროება, რომელსაც თურქეთი შეეჯახა, უფრო მასშტაბურია, ვიდრე „მცირე ტერორისტული აქტები“ ევროპაში, ამიტომ ევროპული სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება გააკრიტიკონ ანკარა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო.