თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ავღანეთის შსს იუწყება, რომ ქაბულში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციისას მომხდარ ტერორისტულ აქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 231 — დაშავდა.
ეს განცხადება ავღანეთის შსს-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქდა მხოლოდ ერთი ბოროტმოქმედის მოწყობილობა, მეორე ტერორისტის ბომბი არ ამოქმედდა, ხოლო მესამე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა გააუვნებელყვეს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან როგორც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, ისე აქციის მონაწილეები, რომლებიც ერთ-ერთი ელექტრო-გადამცემი ხაზის პროექტს აპროტესტებდნენ.
როგორც ირანული მედია იუწყება, საპროტესტო აქცია მოძრაობა „როუშნაიმ“ მოაწყო, რომელთა წევრები ძირითადად შიიტები არიან.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.