ბუნებრივია, ყველა ადამიანს აინტერესებს, რამდენად კმაყოფილია მისი მუშაობით დამსაქმებელი, რას ფიქრობს ის მასზე და რამდენად მყარი პოზიციები აქვს სამსახურში.
როგორ უნდა გავარკვიოთ ეს და როგორ მივიღოთ რეალური სურათი, ამის უებარი ხერხი აღმოაჩინა ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ამას წინათ, თურმე, ერთი კაფიდან გამოდიოდა, როცა იქვე, კუთხეში, პატარა ბიჭი შეუნიშნავს, ასე, 14-15 წლისა. ბიჭი ტელეფონის ავტომატთან იდგა და სადღაც რეკავდა, თან მობილურ ტელეფონში იყურებოდა, აშკარად ნომერს კითხულობდა.
როდესაც ყმაწვილს საუბარი დაუმთავრებია, იქვე მდგომი მამაკაცი მიახლოებია და გამოლაპარაკებია. უცბად ისე ხმამაღლა გადაუხარხარია, რომ ამ ჩემს ნაცნობს თავი ვეღარ შეუკავებია, მისულა და უკითხავს, რა ხდებაო?
პასუხად ისეთი საინტერესო და უჩვეულო ამბავი მოისმინა, რომ… აი, რა მომხდარა:
ბიჭს ტელეფონით, თურმე, ვიღაცისთვის გაზონების გაკრეჭა შეუთავაზებია, მაგრამ უარი მიუღია.
— ჰო, მაგრამ მე იმის ნახევარ ფასად გაგიკრეჭდით გაზონს, ვიდრე ახლანდელ მუშას უხდით, — უთქვამს მას.
ისევ უარი მიუღია, არა, გმადლობთ, კმაყოფილი ვარ ჩემი მუშითო.
— კიდევ ეზოს დაგიხვეტთ უფასოდ, — დაუჟინია ბიჭს, მაგრამ მეორე მხარეს კვლავ კატეგორიული უარი უთქვამს და ყურმილი დაუკიდია.
საუბრის შემსწრე მამაკაცს შეცოდებია სამსახურის თავგამოდებული მძებნელი, რომელსაც, რატომღაც, უარის მიუხედავად, მაინც გაღიმებული სახე ჰქონია, და უთქვამს, მე აგიყვან გაზონების გამკრეჭადო.
— არა, გმადლობთ, მე უკვე მაქვს საქმე, — უპასუხია ბიჭს.
— მაშინ რატომ სთხოვდი ვიღაცას სამსახურს?— უკითხავს გაკვირვებულ კაცს.
— სამსახურს კი არ ვთხოვდი, ვამოწმებდი, რამდენად კმაყოფილია მისის მიტჩელი ჩემი მუშაობით. სწორედ მას ველაპარაკებოდი ტელეფონზე, — უთქვამს ეშმაკური ღიმილით ბიჭს და სწორედ ამაზე ასტეხია სიცილი მამაკაცს.
აი, რას ნიშნავს, როცა საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულიც ხარ და ამასთან, არც საზრიანობა გაკლია იმის გამოსარკვევად, ვინ რას ფიქრობს შენზე.