ჯონ ბლენჩარდი სკამიდან წამოიწია, სამხედრო ფორმა შეისწორა და ცენტრალური ვაგზლის შესასვლელში შემომავლებს დააკვირდა. ის უცნობ ქალს ელოდებოდა, რომელიც არასდროს ენახა, თუმცა უკვე შეჰყვარებოდა…
ერთი წლის წინ ჯონი ფლორიდის ბიბლიოთეკაში იყო, სადაც ერთმა წიგნმა დააინტერესა… უფრო სწორედ, წიგნში ფანქრით გაკეთებულმა შენიშვნებმა. რბილ, ქალურ კალიგრაფიას აშკარად აჩნდა გონებაგამჭრიახობისა და ღრმა აზროვნების კვალი. წიგნს ძველი მფლობელის სახელი და გვარი ეწერა — მის ჰოლის მეინელი…
ინტრიგა დიდი იყო, იმდენად დიდი, რომ ჯონ ბლენჩარდს არც დრო და არც ძალისხმევა არ დანანებია ქალის მისამართის მოსაძებნად. როგორც იქნა, მიაგნო. ქალი ნიუ–იორკში ცხოვრობდა.
ჯონმა მას წერილი მისწერა, თავი წარუდგინა და ეპისტოლარული მეგობრობა შესთავაზა… თუმცა მეორე დღეს უცხოურ სამხედრო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს და პასუხი უკვე იქ, ამერიკის მიღმა მიიღო.
წერილებით ურთიერთობა მთელი წელი გრძელდებოდა — სანამ ბლენჩარდის უცხოური მისია არ დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში მეგობრებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, მეტი საერთო აღმოაჩინეს, დაახლოვდნენ. მათ შორის აშკარად მომწიფდა რომანი — მრავლის აღმთქმელი და დამაინტრიგებელი.
ჯონმა ქალს რამდენჯერმე სთხოვა ფოტოს გაგზავნა, მაგრამ ის უარზე იყო, თუ შენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ სერიოზულია, მაშინ გარეგნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, სწერდა კაცს.
და, აი, ერთი წლის შემდეგ შინ, ამერიკაში დაბრუნების დროც დადგა. შეხვედრა წერილობით დათქვეს – ნიუ–იორკში, ცენტრალურ სადგურზე დილის 7 საათზე… ჯარისკაცი საღილეში წითელვარდიან ქალს უნდა დალოდებოდა.
ჯონი სადგურში დანიშნულ დროზე ადრე მივიდა, სკამზე ჩამოჯდა და ღელვით სავსე წუთების თვლას შეუდგა. საათზე შვიდმა ჩამოჰკრა, ჯონ ბლენჩარდი სკამიდან წამოიწია, სამხედრო ფორმა შეისწორა და ცენტრალური ვაგზლის შესასვლელში შემომავლებს დააკვირდა. ის უცნობ ქალს ელოდებოდა, რომელიც არასდროს ენახა, თუმცა უკვე შეჰყვარებოდა…
და დაინახა, რომ მისკენ ახალგაზრდა, ტანწერწეტი ქალი მოირხეოდა, თავთუხისფერი თმა სახესა და შუბლზე ელამუნებოდა, ხოლო ღიღილოსფერი თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა, ტანთ მწვანე კაბა ემოსა და ახლად გაღვიძებულ აპრილს ჩამოჰგავდა. ჯონი მისკენ დაიძრა, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ეს გაზაფხულივით ქალი უნდა ყოფილიყო მისი უცნობი სატრფო. კაცი იმდენად მოხიბლული იყო, რომ საერთოდ არ გახსენებია ვარდი, რომელიც ქალს საღილეში უნდა ჰქონოდა დამაგრებული.
მიუახლოვდა და შეჩერდა.
— გამატარე, მეზღვაურო! — პროვოკაციული ღიმილით უთხრა „გაზაფხულმა“ და ჯონს გასცილდა…
მის უკან კი ჯარისკაცმა ჰოლის მეინელი დაინახა: ორმოციოდე წლის, სიმსუქნემორეული, შეჭაღარავებული ქალი, რომელსაც თმა გაცვეთილ თავსაბურავში შეემალა, ხოლო შესიებული ფეხები დაბალქუსლიან ფეხსაცმელში ძლივს ჩაეტია.
მწვანეკაბიანი ქალი გაქრა, ჯონი კი იდგა გაშეშებული და ორ ცეცხლს შუა იწვოდა: მისი ერთი ნახევარი ღიღილოსთვალება გოგოს გაკიდებას ლამობდა, მეორე კი ჰოლისთან დარჩენას ჰკარნახობდა, რომელიც გაუნძრევლად იდგა და ფერდაკარგულ კაცს ალერსიანად უმზერდა.
ჯონიც მხრებში გასწორდა, მხედრულად მიესალმა ქალს და იმ წიგნის ასლი გაუწოდა, რომლის მეშვეობითაც განიცადა ესოდენ ტკბილი, ამაღელვებელი და რომანტიული გრძნობა უცნობი ქალის მიმართ.
— ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ. მე ლეიტენანტი ჯონ ბლენჩარდი გახლავართ, თქვენ კი, ალბათ, ჰოლის მეინელი ბრძანდებით. მოხარული ვარ, რომ, ბოლოს და ბოლოს, შევხვდით და პირადად გაგიცანით. უფლებას მომცემთ, რომ ვახშამზე მიგიწვიოთ?
ქალმა გაიღიმა.
— ყმაწვილო, ვერ ვხვდები, რას მეუბნებით. აი იმ მწვანეკაბიანმა გოგონამ, ახლა რომ ჩაგიარათ, მთხოვა, პალტოზე ეს წითელი ვარდი დამემაგრებინა და თუ ვახშამზე დამპატიჟებდით, მეთქვა, რომ ის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, რესტორანში გელოდებათ…