თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ერევანში საპატრულო პოლკის შენობაზე თავდამსხმელთა ჯგუფის მიერ რამდენიმე დღის წინ მძევლად აყვანილი პოლიციის მაღალჩინოსნები თავისუფლები არიან, იუწყება РИА Новости სააგენტო „ფასტინფოზე“ დაყრდნობით.
„თავდამსხმელთა ჯგუფმა გაათავისუფლა სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ვარდან ეგიაზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვალერი ოსიპოვი“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თავდამსხმელებმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ: 17 ივლისის დილით შეიარაღებულმა პირებმა ერევნის საპატრულო პოლკის შენობა აიღეს. მათი მოთხოვნა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული, სამოქალაქო ინიციატივის,
„დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო.
ცოტა ხნის წინ სეფილიანის ადვოკატმა გაავრცელა მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკანასკნელი მზად გახლდათ თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, რასაც შესაძლოა დადებითად ემოქმედა შექმნილ ვითარებაზე.