თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო ინიციატივის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორი ჟირაირ სეფილიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული და რომლის მომხრეებმაც მისი გათავისუფლების მოთხოვნით ერევნის საპატრულო პოლკის შენობა აიღეს, მზადაა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში, იუწყება Sputnik-სომხეთი გამოცემაზე „A1+“ დაყრდნობით.
„სეფილიანი მზადაა გააკეთოს ყველაფერი აუცილებელი ვითარების დასარეგულირებლად. ის ყველანაირად ცდილობს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში“, — განაცხადა სეფილიანის ადვოკატმა არა ზაქარიანმა.
ადვოკატი გუშინ შეხვდა სეფილიანს, რომელიც „ნუბარაშენის“ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. ამ უკანასკნელმა ზაქარიანს განუცხადა, რომ მისმა მოლაპარაკებებში მონაწილეობამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს სიტუაციაზე.
შეგახსენებთ: 17 ივლისის დილით შეიარაღებულმა პირებმა ერევნის საპატრულო პოლკის შენობა აიღეს. მათი მოთხოვნა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული, სამოქალაქო ინიციატივის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის, ჟირაირ სეფილიანის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო.