თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა მიუნხენში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს“, — აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ: სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ სროლის შედეგად, დაღუპულია 9 და დაჭრილია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. პოლიციის მტკიცებით, ცეცხლი გერმანიის ირანული წარმოშობის 18 წლის მოქალაქემ გახსნა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა. დამნაშავე, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.
მიუნხენის პოლიციის შეფის, ჰუბერტუს ანდრეს თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ტერაქტზე, ვინაიდან მსროლელის მოტივი დადგენილი არ არის.