თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა მიუნხენის სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიაში“ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახების წევრებს.
სროლის შედეგად დაღუპულია 9 და დაჭრილია 16 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. პოლიციის მტკიცებით, ცეცხლი გერმანიის ირანული წარმოშობის 18 წლის მოქალაქემ გახსნა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა. დამნაშავე, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა.
„მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“ — ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრემიერის თქმით, მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად “.