თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე მეცნიერები უძველესი დიდნაურის ნაქალაქარის შესწავლას აგრძელებენ, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როდის გაჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო.
ჯერ მხოლოდ ნაქალაქარის მცირე ტერიტორიაა გათხრილი. მის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარებულმა გათხრებმა მეცნიერებს მისცა საშუალება, რომ უძველესი დასახლება ჩვენ წელთაღრიცხვამდე XII-IX საუკუნეებით დაეთარიღებინა. ამჟამად არსებობს მოსაზრება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფო, რომლის დედაქალაქი მცხეთა იყო, ჩვ.წ.აღ.-მდე მესამე საუკუნეში შეიქმნა.
„რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს)", — აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ნაქალაქარი 2014 წლის ბოლოს კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების საშუალებით აღმოაჩინეს. დღემდეა შემორჩენილი ნამოსახლარის ნანგრევები. არქეოლოგიური გათხრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა.
„მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს დასკვნები ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
არქეოლოგებმა წყალმომარაგების სისტემაც აღმოაჩინეს. კერძოდ, ნაპოვნია ასმეტრიანი გვირაბები, რომლებიც, არქეოლოგების აზრით, მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის გამოიყენებოდა.
გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას კარიბჭის მახლობლად აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა ე.წ. „შესაწირი მაგიდით“, რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის“ ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
ექსპედიციის წევრების ვარაუდით, ეს ნაქალაქარი, დიდი ალბათობით, უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებული არ არის. სპეციალისტებს ამგვარი ეჭვების გამოთქმის საშუალებას აძლევს სასახლის მასშტაბი, ინფრასტრუქტურა, სამარხები და სხვა.
ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეებში დიდი ზომის ნაგებობებია.