თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თურქეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ხოლო აეროპორტებში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით შემოღების შესახებ პრეზიდენტ რეჯებ თაიიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის საფუძველზე იქნა მიღებული.
„თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში", — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებას აქვს უფლება, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს საგარეო უწყება.
კერძოდ, თურქეთის ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა.
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;
სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400;
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: + 90541 326 22 26
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელ ხაზზე: 577984020
16 ივლისის ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია და მათ არ შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილების აღსრულება.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მომხდარს სამხედროთა მცირე ჯგუფის ამბოხის მცდელობა უწოდა და ქვეყნის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. უკვე შაბათის დილით თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას თავად მეამბოხეთა გარდა თურქეთის 246 მოქალაქე ემსხვერპლა, დაახლოებით 2,2 ათასი დაიჭრა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი მოქალაქე დააპატიმრეს, დაიღუპა ასზე მეტი მეამბოხე.